მასაჩუსეტსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის (DPH) პრეს რელიზის მიხედვით, აშშ-ში ხუთი კლასის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გონორეის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.

გონორეა სქესობრივი გზებით გადამდები გავრცელებული ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია Neisseria gonorrhoeae იწვევს. ადრე მას პენიცილინით ან სხვა ანტიბიოტიკებით კურნავდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ მიმართ რეზისტენტულობა შეიძინა და ექიმების მიერ გამოყენებული საშუალებები გავრცელებას ვეღარ აჩერებს.

გონორეას ინფექცია არ იწვევს პაციენტის მძიმე მდგომარეობას, თუმცა ისეთი გამოკვეთილი სიმპტომები მაინც აქვს, როგორიც მოშარდვისას ტკივილი, სასქესო ორგანოდან პათოლოგიური გამონადენი ან მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილია. მკურნალობის გარეშე ინფექციამ შესაძლოა მაღალი ტემპერატურა და სქესობრივი აქტის დროს ტკივილი გამოიწვიოს.

მასაჩუსეტსის შემთხვევები

მასაჩუსეტსში აღმოჩენილი ახალი შტამის გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიდი ალბათობით ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობით გამორჩეული იქნებოდა და ასეც მოხდა. ეს შტამი ადრე აზიის აღმოსავლეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იყო შემჩნეული, თუმცა არა აშშ-ში.

Gizmodo-ცნობით, რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გავრცელებულმა შტამმა ანტიბიოტიკი აზიტრომიცინის მიმართ მდგრადობა გამოიმუშავა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გამოყენება 2020 წლიდან შეწყვიტეს. მასაჩუსეტსში აღმოჩენილი შტამების შემთხვევაში კი ერთადერთი ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს ცეფტრიაქსონია, ისიც მაღალი დოზით.

ვინაიდან ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, დიდი ალბათობით, შტამი მეტ ადამიანს სჭირს. ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების პრევენციის ჯგუფი იკვლევს.

ვინაიდან შტამში შემჩნეული გენეტიკური მარკერები ადრე მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც იყო შემჩნეული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავადება სწრაფად ვრცელდება. ამ მოსაზრებას ამყარებს ფაქტი, რომ 2009 წლიდან 2021 წლამდე აშშ-ში გონორეის შემთხევევებმა 131%-ით იმატა.

DPH მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ როგორც კი ვენერიული დაავადების სიმპტომებს შეამჩნევენ, მიმართონ საავადმყოფოებს და ლაბორატორიული კვლევები ჩაიტარონ. ასევე მათ, ვისაც ცეფტრიაქსონის მაღალი დოზებით უმკურნალეს, აუცილებლად უნდა გადაამოწმონ, საბოლოოდ განიკურნნენ თუ არა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.