განცხადება ანა ბუჩუკურმა, თეონა აქუბარდიამ და ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გააკეთეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას.

  • ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე.
  • პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

დეტალები: დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ მათ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები აქვთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

  • "ჩვენ ვიბარებთ მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმისთვის, რომ გასცეს კითხვებს პასუხები — თუ რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაში";
  • "რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დადგენილი წესით სამ თვეში ერთხელ მაინც, რატომ არ განიხილავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პრემიერი თავის სათათბირო საბჭოში, რატომ არ განაახლა პრემიერმა, რომელსაც პარლამენტში დაპირება ჰქონდა, რომ წარადგენდა ქვეყნისთვის აუცილებელ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებს;
  • "სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში გვესაუბრებოდა და ჩვენ პარლამენტმა 2021-ში რეზოლუციით დავავალეთ მას, რომ ეს წარმოედინა. რატომ არ აქვს საქართველოს დღემდე ჰიბრიდულ ომთან დაპირისპირების საერთო სტრატეგია";
  • "რატომ არის თავდაცვის ბიუჯეტი ქართული ოცნების პირობებში რეკორდულად შემცირებული, 1,58% და რა გზავნილია, ეს პოლიტიკის კონტექსტში როდესაც პოლიტიკის ამოცანაა შეკავება და თავდაცვა".
  • დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პრემიერი უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე და აცნობოს მათ, რატომ არ შესრულდა ყველა ის დაპირება, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას.