კახეთის რეგიონის მთლიანი ტერიტორიის 30% ტყით არის დაფარული, რაც დაახლოებით, საქართველოს ტყის ფონდის 11%-ია. რეგიონი მესამე ადგილზეა ტყის ფართობის მიხედვით საქართველოში, თუმცა თუ გადავხედავთ 2011–2022 წლების ტყის რესურსების მდგომარეობას რეგიონების მიხედვით, დავინახავთ, რომ ტყის ფართობი ყველაზე მეტად სწორედ კახეთშია შემცირებული.

რატომ ლიდერობს კახეთი ტყის რესურსის დაკარგვით?

კახეთის რეგიონში ტყის რესურსების ასეთი დრამატული შემცირება ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული: ტყის ჭრა და ხშირი ხანძრები. 2012- 2017 წლებში კახეთის რეგიონი ტყის ჭრის მოცულობით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო 2018–2020 წლებში მეორე ადგილზეა.

ამასთანავე, 2020 წელს ტყის ხანძრებით ყველაზე მეტად კახეთი დაზარალდა.

ტყეების აღდგენა და გაშენება

საქართველოს რეგიონებში 2017 წლის შემდეგ აქტიურად ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები. მხოლოდ ორი რეგიონია გამონაკლისი: კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტყის ფართობის შემცირება პირდაპირ უკავშირდება კლიმატის ცვლილების ნეგატიურ გავლენას, რადგან სწორედ ტყეები წარმოადგენს ნახშირორჟანგის შთანთქმელ მთავარ სახმელეთო ეკოსისტემას, შესაბამისად თუ ტყის დაკარგვის ეს ტენდენცია გაგრძელდა, კახეთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება.

მასალა შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Askgov.ge-ის მულტიმედიური კონკურსის ფარგლებში. Askgov.ge იცავს და აძლიერებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია "ფორსეტი". პროექტის მედია მხარდამჭერია NEXT.On.ge.