იაპონიაში მდებარე ქალაქ აომორიში მცხოვრებმა მკვლევრებმა მუშაობა თოვლისგან ელექტროენერგიის მიღების მეთოდებზე დაიწყეს. ამ გზით ისინი განახლებადი ენერგიის წყაროს შექმნასა და ელექტროენერგიის დეფიციტების აღმოფხვრას ცდილობენ.

აომორი ტოკიოდან 715 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე ლამაზი ქალაქია. თვალწარმტაცი ტყეების გარდა ქალაქი იმითაცაა ცნობილი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თოვლიანი ადგილია. აქ ყოველწლიურად თოვლი საშუალოდ 8 მეტრამდე აღწევს.

გასულ წელს ქალაქში იმდენი თოვლი მოვიდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ქუჩებისა და შენობების გასაწმენდად 46 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუხდა. იაპონიაში თოვლს ძალიან საინტერესო მეთოდით იშორებენ — აგროვებენ და სრულად ზღვაში ყრიან.

ეს პროცესი ძალიან საინტერესო ჟღერს, თუმცა ძალიან დიდ დროს, რესურსსა და ფულს მოითხოვს. აომორიში დაფუძნებული IT სტარტაპ Forte-ს მკვლევრებმა ელეტრო კომუნიკაციების უნივერსიტეტთან (UEC) ერთად თოვლის პრობლემის საინტერესო გადაწყვეტა შემოგვთავაზეს.

ისინი ამტკიცებენ, რომ აომორის ჭარბი თოვლი შესაძლოა სუფთა ელექტროენერგიის წარმოებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. Japan Times-ის ცნობით, მიტოვებული სკოლის შენობის საცურაო აუზში შესაბამისი ტექნოლოგიის გამოცდა უკვე დაიწყეს.

მათი თქმით ეს მეთოდი იმ ევროპულ ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ენერგოკრიზისის წინაშე დგანან.

როგორ არის შესაძლებელი თოვლით ელექტროენერგიის მიღება?

კვლევის პროცესში იაპონელი მეცნიერები დიდი რაოდენობით თოვლსა გამოიყენებენ, რათა ამუშავონ ტურბინა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. გარეთ არსებული ჰაერის ტემპერატურა თოვლის ირგვლივ არსებული ჰაერის ტემპერატურაზე უფრო მაღალია. მკვლევრები გათბობის მილების საშუალებით ცივ (თოვლიდან მიღებულს) და თბილ (გარეთ არსებულ) ჰაერს ტურბინაში არსებულ გამაგრილებელ სითხეს მიაწვდიან. ტემპერატურული განსხვავება კონვექციურ ნაკადს წარმოქმნის, რომელიც ტურბინას დაატრიალებს და ელექტროენერგიას წარმოქმნის.

ავტორები ირწმუნებიან, რომ თოვლზე დამყარებული მეთოდი მზის პანელების მეთოდზე არანაკლებ ეფექტური და, დიდი ალბათობით, ბევრად იაფი იქნება. მეცნიერთა თქმით, რაც უფრო დიდი იქნება ტემპერატურული სხვაობა, მით მეტი ენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერები თოვლისგან ელექტროენერგიის მიღებას ცდილობენ. 2019 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარმოადგინეს მოწყობილობა, რომელსაც თოვის პროცესში ენერგიის გამომუშავება შეეძლო.

გამოწვევები

მიუხედავად საინტერესო კონცეფციისა, მიდგომას არაერთი პრობლემური მხარე აქვს. მაგალითად, თუ ფართოდ მივიღებთ, ამ შემთხვევაში თოვლის შესანახი დიდი საწყობები დაგვჭირდება და მარტივი არც თბილი ჰაერის მუდმივი მიწოდებაა.

თუ იაპონელი მეცნიერების კვლევები წარმატებული იქნება, შეიძლება განახლებადი ენერგიის ახალი წყარო მივიღოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.