საგარეჯოში საცხოვრებელი ბინიდან შეიარაღებული თავდასხმის თვითმხილველები მედიასთან კომენტარებს აკეთებენ.

რა მოხდა: გვიან ღამით საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან თავდამსხმელმა რამდენჯერმე ისროლა, შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, პოლიციელი — დაჭრილია 5 პირი.

  • თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
  • თავდამსხმელი 1974 წელს დაბადებული ნ.ა ყოფილი სამხედროა, რომელმაც სამხედრო სამსახური 2021 წელს დატოვა.
  • შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "ავღანეთშიც ნამყოფია", თუმცა რა მიზეზით დატოვა სამსახური, ინფორმაცია არ აქვთ.
  • გამოძიება სსსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

თვითმხილველთა თქმით, პირველი სროლის ხმა დაახლოებით ღამის 12:45 საათზე გაისმა და ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

  • ერთ-ერთის თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, საათი და 40 წუთი გაუჩერებლად ისროდა.
  • "მეზობლის ბიჭი გამორბოდა, რომელიც ფეხშია დაჭრილი და ამ კორპუსში ცხოვრობს. ყველას ესროდა აბსოლუტურად, ადამიანებს, ვისაც ხედავდა ცოცხალს, ყველას ესროდა", — ამბობს ის.
  • კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდამსხმელმა სასწრაფოს დაშავებულთა დახმარების საშუალება არ მისცა.
  • "არ მიუშვა სასწრაფო, ავტომატიდან ისროდა, ძლივს გაიქცნენ სასწრაფოს ექიმები".

დეტალები: კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, სროლის ხმა ისეთი ინტერვალით ისმოდა, რის გამოც ეგონა, რომ ეს პიროტექნიკის ხმა იყო.

  • "მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა", — ამბობს საგარეჯოს მცხოვრები.
  • გარდა ამისა, მედიების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ტყვიები მანქანებსაც აქვს მოხვედრილი.