ინფორმაცია სავარაუდო შეიარაღებულ თავდასხმაზე თავდაპირველად ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაახლოებით, 01:30 საათზე გაავრცელა. წერდა, რომ კორპუსიდან პირი რამდენიმე საათია მიზანმიმართულად ისვრის.

რა მოხდა: საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა ეზოში მყოფი 4 ადამიანი და დაიჭრა 5 — მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

  • შს მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელის შვილმა, რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა, სახლის დატოვება შეძლო.
  • "ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა", — ამბობს ის.
  • კაცმა ადგილზე მისულ პოლიციელებსაც ცეცხლი გაუხსნა, დაიჭრა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა.
  • შსს-ის ცნობით, დაღუპული კახეთს დეპარტამენტის საგარეოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინიაშვილია.

რას ამბობენ თვითმხილველები: "სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე არაფერი მოხდეს-მეთქი, [დაჭრილი] კუთხე-კუთხე გავაძვრინე, პოლიკლინიკაში მივიყვანე, უშველეთ-მეთქი. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა. ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა... გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა", — ამბობს ერთ-ერთი.

  • კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, სროლის ხმა ისეთი ინტერვალით ისმოდა, რის გამოც ეგონა, რომ ეს პიროტექნიკის ხმა იყო.
  • "მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა", — ამბობს საგარეჯოს მცხოვრები.

თავდამსხმელი 1974 წელს დაბადებული ნ.ა ყოფილი სამხედროა, რომელმაც სამხედრო სამსახური 2021 წელს დატოვა.

  • შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "ავღანეთშიც ნამყოფია", თუმცა რა მიზეზით დატოვა სამსახური, ინფორმაცია არ აქვთ.
  • გომელაურმა აღნიშნა, რომ როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავდამსხმელის სახლში შევიდნენ, ის "საწოლზე გადაწოლილი დახვდათ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო" და თავიდან სისხლი მოსდიოდა.
  • მინისტრის ცნობით, იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები.
  • გამოძიება სსსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.