მზე ამჟამად აქტიურ ფაზაშია, რაც ხშირი და მძლავრი ამოფრქვევებით ვლინდება. ეს დედამიწაზე გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს, რასაც საკომუნიკაციო სისტემებისა და ხელოვნური თანამგზავრების დაზიანება შეუძლია, ამიტომ მსგავსი მოვლენების პროგნოზირება მნიშვნელოვანია.

კვლევით ორგანიზაციაში NorthWest Research Associates მომუშავე მეცნიერებმა NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით მიაგნეს ინდიკატორს, რომელიც ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს. კერძოდ, საუბარია ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფეროს ზედა ფენაში, გვირგვინში წარმოქმნილ სიგნალებზე, რომლებიც აქტიურ რეგიონებზე მიუთითებს.

ასეთი არეალების მიმდებარედ, საიდანაც ამოფრქვევებია მოსალოდნელი, სუსტი ანთებები ფიქსირდება. სწორედ ეს იქცა სპეციალისტთა ხელჩასაჭიდად.

"გვირგვინის მეშვეობით იმაზე განსხვავებული ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია, ვიდრე ფოტოსფეროსგან, ანუ მზის 'ზედაპირისგან'. ჩვენი შედეგები ახალ ინდიკატორს გვთავაზობს, რომლის საშუალებითაც გავმიჯნავთ, რომელი აქტიური რეგიონებიდანაა მოსალოდნელი ამოფრქვევა და რომელი დარჩება მშვიდად გარკვეული პერიოდის განმავლობაში", — აცხადებენ ავტორები.

ფოტო: NASA/SDO/AIA/Dissauer et al. 2022

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მზის დინამიკის ობსერვატორიის მიერ გადაღებული აქტიური რეგიონების სურათების ბაზა შეისწავლეს, რომელშიც 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღბეჭდილი კადრებია თავმოყრილი. გამოსახულებების დიდი რაოდენობით გამორჩეული მონაცემების ანალიზმა გამოავლინა ის მცირე ანთებები, რომლებიც ყოველ ამოფრქვევას უძღოდა წინ.

უკანასკნელი მიგნების მეშვეობით მზის ამოფრქვევების პროგნოზირებისთვის ახალი მეთოდების შემუშავებაა შესაძლებელი. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.