გალაქტიკებში ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესის შესასწავლად მეცნიერები იქიდან მომავალ რადიოსიგნალებს იკვლევენ, რომლებიც სუსტია, თუ მათი წყარო დედამიწისგან ძალიან შორსაა. ეს ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული სპეციალური ტელესკოპების მიერ ასეთი სიგნალების დაფიქსირებას აძნელებს.

ამის მიუხედავად, ასტრონომებმა ინდოეთში მდებარე რადიოტელესკოპის GMRT მეშვეობით 21 სანტიმეტრი ხაზის ტალღური სიგრძის მქონე სიგნალი დააფიქსირეს, რომლის მსგავსიც ასეთი სიშორიდან აქამდე არასდროს მიგვიღია. მისი გაანალიზების გზით ადრეულ სამყაროზე მეტის გაგებაა შესაძლებელი.

რეკორდული სიგნალის წყარო გალაქტიკა, სახელად SDSSJ0826+5630 გახლავთ, სადაც ვარსკვლავები აქტიურად წარმოიქმნება. რადიოსიგნალის შესწავლა ამ ობიექტის შემადგენლობის გაგების საშუალებას გვაძლევს. მეცნიერებმა მასში არსებული აირის ატომური მასა გამოთვალეს, რომელიც ჩვენთვის ხილული მნათობების მასას თითქმის ორჯერ აღემატება.

ფოტო: Swadha Pardesi

გალაქტიკაში ზემოხსენებული სიგნალის ფორმირების დროს სამყარო მხოლოდ 4.9 მილიარდი წლის იყო. მისი საშუალებით კოსმოსის განვითარების ადრეულ ეტაპზე მეტი ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია, რადგან ეს ნიშნავს, რომ წარსულში "გავიხედოთ".

რადიოსიგნალი ასტრონომებმა გრავიტაციული ლინზირების დახმარებით დააფიქსირეს, ფენომენის, რომელიც გამადიდებელი შუშის ფუნქციას ასრულებს. ამ შემთხვევაში, სიგნალი მის წყაროსა და ჩვენ შორის მდებარე სხვა მასიური ობიექტის გავლენით გამრუდებულია, რამაც ის გააძლიერა და რადიოტელესკოპისთვის აღქმადი გახადა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.