ურთიერთობის დამთავრება ადვილი არაა — მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ დროს წყვილების ნაწილი ამჯობინებს, საერთოდ არაფერი ილაპარაკოს. ზოგიც მხოლოდ გადაკრულად ეხება ხოლმე ყოფილ პარტნიორთან კავშირს.

თუმცა, მომღერლები... ეს სულ სხვა საკითხია. არაერთ მუსიკოსს "მიუძღვნია" სიმღერა თავისი ყოფილისთვის. რასაკვირველია, როცა ისინი ამ ზომას მიმართავენ, კარგი არაფერი აქვთ ხოლმე სათქმელი — და, როგორც ჯენზი იტყოდა, ყოფილებს "დისავენ".

1. ჯასტინ ტიმბერლეიკი

ფოტო: Rolling Stones

3-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ბრიტნი სპირსი 2002 წელს დაშორდნენ. ამის შემდეგ ტიმბერლეიკმა სიმღერა Cry Me a River გამოუშვა, რომელიც სწორედ სპირსთან ურთიერთობას ეძღვნება — ეს თავად ჯასტინმაც დაადასტურა 2018 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში. მომღერლის თქმით, სიმღერა დაუგეგმავად, სულ რაღაც ორ საათში დაწერა და მასში თავის გრძნობებს მოუყარა თავი. ამასთან, მის ვიდეოკლიპში სპირსის მსგავსი გარეგნობის გოგო თამაშობს, რომელიც ღალატშია დადანაშაულებული.

აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის გამოსვლას მედიის განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა, რაც შემდგომში ბრიტნი სპირსის მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებებშიც გადაიზარდა. ეს გამოჩნდა სპირსზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რის შემდეგაც ტიმბერლეიკმა ბრიტნის მოუბოდიშა.

2. ჯასტინ ბიბერი

ფოტო: Stuart Franklin / Getty Images

ბიბერის არაერთი სიმღერის ადრესატად მის ყოფილ პარტნიორს, სელენა გომესს, მიიჩნევენ. თუმცა, ეს ამბავი ყველაზე აშკარა 2015 წლის ჰიტშია Love Yourself ("გიყვარდეს საკუთარი თავი"). სიმღერის სახელიც კი პირდაპირ გომესს უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი ტატუ სწორედ ეს ფრაზაა: "პირველ ყოვლისა, გიყვარდეს საკუთარი თავი". მართალია ჯასტინი კონკრეტულად ამ კომპოზიციას არ შეხებია, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი ბევრი სიმღერა სელენას შთაგონებით დაიწერა.

"ეს ხანგრძლივი ურთიერთობა იყო, რომელმაც ბევრი გულისტკენა, სიხარული და სხვადასხვა განცდა მომიტანა, რომელთა შესახებაც წერა მინდოდა", — განაცხადა ბიბერმა.

3. სელენა გომესი

ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Images

ბიბერის საპასუხოდ, გომესსაც არაერთი სიმღერა აქვს თავის ყოფილ პარტნიორზე დაწერილი. თუმცა, ფანები ყველაზე გამორჩეულად მაინც 2019 წლის სიმღერას Lose You to Love Me მიიჩნევენ. გავრცელებული ინტერპრეტაციით, ეს სიმღერა პირდაპირი პასუხია ჯასტინის ზემოხსენებულ კომპოზიციაზე. მასში მინიშნებაცაა ბიბერის იმ ალბომზე (Purpose — "მიზანი"), რომელშიც აღნიშნული სიმღერა შედის: Set fire to my purpose ("ჩემს მიზანს ცეცხლი წაუკიდე").

4. P!nk

ფოტო: PA

2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებლის სიმღერა So What მუსიკოსის პარტნიორს, კერი ჰარტს, ეძღვნება. წყვილის ურთიერთობის დასაწყისი დაშორებებითა და შერიგებებით იყო სავსე — თავად ჰარტი კი სიმღერაზე გადაღებულ ვიდეოკლიპშიც კი ჩნდება. სხვათა შორის, ამავე კლიპში მომღერალი ჭრის ხეს, რომელზეც მისი და ყოფილის სახელებია ამოკვეთილი. საბოლოოდ, ფინქის და კერის ურთიერთობას ბედნიერი გაგრძელება მოჰყვა — წყვილი უკვე წლებია, ერთად ცხოვრობს და ორ შვილს ზრდის.

5. ბიონსე

ფოტო: Robert Gauthier / Los Angeles Times / Getty Images

ფინქის მსგავსად, ბიონსეც ბედნიერად ცხოვრობს დღეს თავის პარტნიორთან, რეპერ Jay Z-ისთან. თუმცა, ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე მომღერალსაც ჰქონდა სირთულეები, რაც ასახა კიდეც თავის 2006 წლის ჰიტში Irreplaceable ("შეუცვლელი"). იმის მიუხედავად, რომ სიმღერა პარტნიორის ორგულობით გულისტკენაზეა, მისი ტექსტი სირთულეების გადალახვისკენ მოწოდებაცაა.

6. ედ შირანი

ფოტო: Getty Images

2013 წელს შირანმა განაცხადა, რომ ის და მომღერალი ელი გოლდინგი წინა წელს ერთმანეთს ხვდებოდნენ. ცოტა ხანში, ედმა სიმღერა Don't გამოუშვა, სადაც ყოფილ პარტნიორს ღალატში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში შირანმა ფანების ინტერპრეტაცია ნაწილობრივ დაადასტურა და განაცხადა, რომ კომპოზიცია ბრაზისგან გასათავისუფლებლად დაწერა.

7. ელი გოლდინგი

ფოტო: Axelle / Bauer-Griffin - FilmMagic / Getty

Don't-ზე ერთგვარი პასუხი იყო გოლდინგის ჰიტი On My Mind. ეს სიმღერა ურთიერთობაში მყოფ ორ ადამიანზეა, რომლიდანაც ერთ-ერთი ამ ყველაფერს უფრო სერიოზულად უდგება. ამასთან, სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბიჭს ძალიან ბევრი ტატუ აქვს (მინიშნება შირანზე). თუმცა, გოლდინგმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ სიმღერის ინტერპრეტაცია ფანებს ბევრგვარად შეუძლიათ და ის კონკრეტულ ადამიანს არ ეხება.

8. ტეილორ სვიფტი

ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Photos

ფანების მოსაზრებით, ტეილორ სვიფტის არაერთი სიმღერა ეძღვნება მომღერლის ყოფილ პარტნიორებს. თუმცა, ყველაზე აშკარად ეს We Are Never Ever Getting Back Together-ის ტექსტში იკითხება. მისი შინაარსი მსახიობ ჯეიკ ჯილენჰოლთან ურთიერთობას ასახავს.

წყვილის დაშორების შემდეგ, ჯილენჰოლი ამერიკული ინდიროკ ჯგუფის, Vampire Weekend-ის ერთ-ერთ ვიდეოკლიპში გამოჩნდა, რასაც ტეილორის სიმღერის ტექსტშიც აქვს ხაზი გასმული: "შენ კი გარბოდი და სიმშვიდეს რაღაც ინდი სიმღერაში პოულობდი, რომელიც ჩემსაზე ბევრად მაგარია".

9. შაკირა

ფოტო: Getty Images

შაკირას და ესპანელ ფეხბურთელს, ჟერარდ პიკეს, ურთიერთობა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. თუმცა, საბოლოოდ, წყვილი 2022 წელს დაშორდა. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კოლუმბიელმა მომღერალმა ყოფილი პარტნიორისთვის საპასუხოდ არგენტინელ პროდიუსერთან ერთად სიმღერა ჩაწერა, რომელმაც იუთუბზე რეკორდიც მოხსნა.

"22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს", — მღერის 45 წლის შაკირა სიმღერაში, — "შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი — Casio-ზე".

10. მაილი საირუსი

ფოტო: Taylor Hill / Getty Images

საგანგებოდ ყოფილი პარტნიორის, ლიამ ჰემსვორტის, დაბადების დღეზე გამოუშვა სიმღერა მაილი საირუსმა. სიმღერის ტექსტი წყვილის ქორწინების შემდგომ არცთუ ხანგრძლივ ურთიერთობას ასახავს.

"ჩვენ იმ ოცნების მსგავსად ვიყავით, რომელიც შეუფასებელია... ავაშენეთ სახლი და ვუყურეთ, როგორ დაიწვა ის", — მღერის მაილი და 2018 წელს კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დამწვარ მათ ბინაზე მიუთითებს.