კოალიციის შეფასებით, სასამართლოს განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააპელაციომ TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობაში მსჯავრდებულ 6 პირს სასჯელი 1 წლით შეუმცირა.

  • მოსამართლე მაია თეთრაულმა დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, აკაკი ნაკაშიძე, ოთარ გელაშვილი და ცოტნე ჩიხლაძე სსსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილში, ორგანიზებულ ძალადობაში გაამართლა.
  • პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს.

კოალიციის შეფასებით, საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

  • მიუთითებენ, რომ ომბუდსმენმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურას ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა.
  • ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უწყებები მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად სათანადო ნაბიჯებს არ დგამენ.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტური რეაგირების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც არის ყურადღება გამახვილებული.

  • კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა პასუხისგებაში მიცემა.

სხვა გამოხმაურებები: საიას შეფასებით, სააპელაციოს გადაწყვეტილება სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითია.

  • ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დამნაშავე პუტინისტები ხელშეუხებლები არიან.