ბრიტანულმა კომპანია Tevva-მ ECWVTA (European Community Whole Vehicle Type Approval) ლიცენზია მიიღო და საშუალო მოცულობის სატვირთო ელექტრომობილის წარმოებაც დაიწყო. ავტომწარმოებელი ამიერიდან TEV75-ის სერიულ გამოშვებას დაიწყებს. კომპანიას პროდუქტის გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში გატანის ლიცენზიებიც აქვს.

კომპანიის პრეს რელიზში ვკითხულობთ, რომ პირველი მასიურად წარმოებული სატვირთო ელექტრომობილების მიწოდება უახლოეს მომავალში დაიწყება. 2023 წლის ბოლომდე 1000 ერთეულის გამოშვებაა დაგეგმილი.

Tevva-ს ერთ-ერთ მთავარ მისიას გადაზიდვების ინდუსტრიის დეკარბონიზაცია წარმოადგენს. ამ კუთხით ის უერთდება ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიც Tesla და Volvo არიან.

ასევე იხილეთ: იხილეთ Tesla-ს ახალი სატვირთო, რომელსაც ინდუსტრიის შეცვლა შეუძლია

"ჩვენ ვცდილობთ, ეკომეგობრული სატვირთო მანქანები ხელმისაწვდომი გავხადოთ. გვჯერა, რომ ჩვენი ტექნოლოგია წაახალისებს სატრანსპორტო სექტორისა და ევროპის მთავრობების მცდელობას, რომ ატმოსფეროში რაც შეიძლება ნაკლები ნახშირბადი გაიფრქვეს", — განაცხადა Tevva-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა აშერ ბენეტმა

სატვირთო ავტომობილს თავისი 105 კვტ/სთ-იანი ბატარეის ერთი სრული დატენვით 227 კმ-ის გავლა შეუძლია. ეს დიდი რაოდენობა არ არის, ამიტომ ის ძირითადად საქალაქო გადაზიდვებისთვისაა ჩაფიქრებული. კომპანია TEV75-ის განსხვავებულ ვერსიასაც გამოუშვებს, რომელშიც ელექტრულ სისტემასთან ერთად მანძილის გამზრდელ წყალბადის ტექნოლოგიასაც შევხვდებით რაც, პროგნოზის მიხედვით, მაქსიმალურ მანძილს 570 კმ-მდე მიიყვანს. წყალბადისა და ელექტროენერგიის საწვავად გამოყენება, კომპანიის აზრით, ტვირთის მაქსიმალურ წონას გაზრდის და დატენვის დროს შეამცირებს. ავტომობილს საშუალოდ 3 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.