სოციალური ქსელი Bnollar-ის ბეტა ვერსიას მომხმარებელი 2023 წლის განმავლობაში იხილავს. მოლოდინი დიდია, რადგან წამოწყება ინოვაციურია და მისი მსგავსი მსოფლიო ბაზარზეც ჯერ არ გვინახავს. დეტალების დასაზუსტებლად ახალგაზრდა ქართველ დეველოპერს, Bnollar-ის დამფუძნებელ გიორგი დარასელიას ვესაუბრეთ.

"Bnollar დეცენტრალიზებული სოციალური ქსელია, რომელიც სრულად Web3-ზე იქნება აწყობილი. დაახლოებით 9 თვის წინ საკუთარი სტარტაპის შექმნა მინდოდა, ამ პერიოდში კი NFT და Web3 ძალიან პოპულარული იყო, მეც ორივე ძალიან მაინტერესებდა. ამავე პერიოდს დაემთხვა გერმანიასა და საფრანგეთში Meta-ს მიმართ არსებული უკმაყოფილება პერსონალური ინფორმაციის დაუცველობის გამო. ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისათვის, რომ ჩემი სტარტაპი სოციალური ქსელი ყოფილიყო. თუმცა ეს ქსელი ბლოკჩეინზე დაფუძნებული უნდა ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევაში ჰაკერს ინფორმაციის მოპარვის ან შეცვლის ნულოვანი შანსი აქვს", — ამბობს გიორგი დარასელია Next.On.ge-სთან საუბრისას

რაც შეეხება ქსელის დეცენტრალიზებულობას, ამის განმაპირობებელ ერთ-ერთ მიზეზად 2022 წელს ცენტრალიზებული ქსელების კრიზისიც იქცა. Facebook-ისა და Twitter-ის ავტორიტეტი როგორც მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დაუცველობის, ისე კონტენტის მიმზიდველობის კუთხითაც კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთხელ დადგა. ამ პროცესების პარალელურად დეცენტრალიზებული ქსელი Mastodon-ის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, Bnollar Mastodon-ისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. Mastodon-ს სერვერები აქვს, რომელთაც განსხვავებული მფლობელები ჰყავთ, ხოლო Bnollar-ს სერვერები საერთოდ არ ექნება და მათ ნაცვლად ბლოკჩეინ ბაზებზე ფოკუსირდება.

ასევე იხილეთ: Twitter-ს ალტერნატივა გამოუჩნდა — რა არის Mastodon?

Bnollar-ის გუნდი დიდი არ არის, თუმცა საწყისი ეტაპისთვის აუცილებელი ჯაჭვის ყველა რგოლს მოიცავს. დეველოპერების გარდა, აქ დიზაინერს, მკვლევარს, პროდუქტის მფლობელსა და ფინანსისტს შევხვდებით. რა თქმა უნდა, სტარტაპის ზრდასთან ერთად, მასში დასაქმებული ადამიანების რიცხვიც გაიზრდება.

რაც შეეხება სტარტაპის დაფინანსებას, აქსელერატორებში მონაწილეობის მიღებას Bnollar ბეტა ვერსიის გაშვების შემდეგ გეგმავს. თავდაპირველი გეგმა GITA-ს 150000-იან ან 650000-ლარიან პროგრამაზე გასვლაა, შედარებით შორეულ პერსპექტივაში კი სტარტაპი ბედს ისეთ ცნობილ გლობალურ აქსელერატორზე ცდის, როგორიც YCombinator-ია. გიორგი დარასელიას განცხადებით, ბეტა ვერსიის გამოსვლას დაახლოებით 2023 წლის ზაფხულში უნდა ველოდოთ.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე, რომელსაც ქართული სტარტაპი გვთავაზობს, კონტენტის მონეტიზაციაა, ანუ Bnollar-ის საშუალებით ფულის შოვნაც იქნება შესაძლებელი.

"ჩვენთან სტანდარტული Like/Dislike ფუნქციის ნაცვლად გვექნება Upvote სისტემა, ისეთი როგორც მაგალითად Reddit-ზეა. ჩვენ ჩვენი ტოკენი გვაქვს, კრიპტოვალუტა, რომელზეც ვმუშაობთ და მაგალითად, 10000 Upvote-ზე მომხმარებელი გარკვეული რაოდენობის ტოკენებს მიიღებს, რომელიც, როგორც ნებისმიერი კრიპტოვალუტა, რეალურ ღირებულებას ატარებს", — განაცხადა სტარტაპის დამფუძნებელმა

თავად სოციალური ქსელი ძირითადად რამდენიმე ტიპის შემოსავალს მიიღებს: NFT-ის "დამინთვის" გადასახადი და Boost-ის სისტემა, ანუ ვინც გადაიხდის, ის მთავარ გვერდებზე გამოჩნდება. რაც მთავარია, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, აქ შემაწუხებელ რეკლამებს, რომელთა თავიდან მოშორებაც ბოლომდე ნახვის გარეშე შეუძლებელია, ვერ შევხვდებით.

რაც შეეხება სოციალური ქსელის სხვა ფუნქციებს, Bnollar ყველაფერ იმას გვთავაზობს, რითაც ცენტრალიზებულ ქსელებს ვიცნობთ — დაპოსტვა, ფოტოების განთავსება, მიმოწერა და ა.შ, თავდაპირველად, შესაძლოა, "სთორის" დადება არ იყოს შესაძლებელი, თუმცა, როგორც გიორგი გვიყვება, დროთა განმავლობაში ესეც დაემატება.

სავარაუდოდ, პროდუქტზე მუშაობის დასრულება 2023 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, თუმცა სტარტაპის დამფუძნებელი ძალიან საინტერესო სიურპრიზებს გვპირდება და დარწმუნებულია, რომ Bnollar შესანიშნავი სოციალური ქსელი იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.