მეცნიერებმა ვინჩკომის მეტეორიტში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, გლოსტერშირის საგრაფოში 2021 წელს ჩამოვარდა, ორგანული ნაერთები აღმოაჩინეს, რომლებიც სიცოცხლის "საშენ მასალად" მიიჩნევა.

მასში ასეთი ნაერთების არსებობა მიანიშნებს, რომ მეტეორიტი ადრე ასტეროიდის ნაწილი იყო, რომელზეც წყალი თხევადი სახით მოიპოვებოდა. თუ ეს მართლაც ასე იყო, ხელი შეეწყობოდა ქიმიურ რეაქციებს, რომელთა შედეგადაც ამინომჟავები და ცილები წარმოიქმნებოდა. ისინი კი ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების ჩამოსაყალიბებლადაა აუცილებელი.

აღნიშნული ასტრონომიული სხეული ნახშირბადით მდიდარი ქონდრიტია და პირველი ასეთი ობიექტია, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც მისი ჩამოვარდნის პროცესი მრავალმა ადამიანმა იხილა. მეტეორიტში ამინომჟავების რაოდენობა ჩვეულებრივზე 10-ჯერ მცირეა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას ხმელეთზე დაცემიდან მალევე მიაგნეს, შემადგენლობა დედამიწის გარემოში "დაბინძურებამდე" შეისწავლეს.

ფოტო: Getty

"ვინჩკომის მეტეორიტის ორგანული შემადგენლობის გამოკვლევამ წარსულში გაგვახედა და დაგვანახა, როგორ შეუწყო ხელი მარტივმა ქიმიამ ჩვენს მზის სისტემაში სიცოცხლის წარმოშობას. სიცოცხლის წინმსწრები მოლეკულების აღმოჩენამ საშუალება მოგვცა, მსგავსი მატერიის დედამიწის ზედაპირზე მოხვედრა გაგვეანალიზებინა", — ამბობენ მეცნიერები.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Meteoritics & Planetary Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.