2000 წელს რეჟისორმა ტერი გილიამმა ამბიციური პროექტი დაიწყო, აპირებდა გადაეღო ფილმი რომელიც მიგელ დე სერვანტესის რომანის დონ კიხოტის ყველაზე მასშტაბური ეკრანიზაცია იქნებოდა.

"დიდი ბოდიში ხანგრძლივი სიჩუმისთვის. ძალიან დაკავებული ვიყავი და აი, ახლა, ჩვიდმეტი წლის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ფილმი კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა დასრულებულია. ყველას ძალიან დიდი მადლობა რწმენისთვის და მხარდაჭერისთვის. კიხოტი ცოცხალია!", ამბობს ტერი გილიამი.

ფილმის იდეა რეჟისორს 1980-იან წლებში გაუჩნდა, თუმცა მისი გადაღებები მხოლოდ 2000 წელს დაიწყო. როგორც თავად ამბობს, პროცესში უამრავი პრობლემა შეექმნა, ფინანსურ პრობლემებს ემატებოდა მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები, რომლებიც ხშირად ტოვებდნენ პროექტს და ყველაფრის თავიდან დაწყება ხდებოდა საჭირო.

საბოლოო ჯამში ტერიმ სერვანტესის წიგნის ეკრანიზაციის ნაცვლად ახალი ისტორია შექმნა, რომელიც ოცდამეერთე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში ლონდონსა და ლა მანჩაში ვითარდება.

გადაღებები ხუთ ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ბელგიაში მიმდინარეობდა.

ფილმმა ბევრი მსახიობი გამოიცვალა, მათ შორის იყვნენ - ჯონ ჰარტი, ჯონი დეპი, ვანესა პარადისი, ჯეიკ ოკონელი, ჟერარ დეპარდიე და იუენ მაკგრეგორი.

საბოლოოდ მთავარი როლები ადამ დრაივერმა, როზი დე პალმამ, ოლგა კურილენკომ და ჯონათან პრაისმა მიიღეს.

როგორც ცნობილია, ფილმი ეკრანზე 2018 წელს გამოვა.