ლა ტრობის უნივერსიტეტის მკვლევრებმა AI ალგორითმი შექმნეს, რომელიც ხმის 12-წამიანი ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დაუყოვნებლივ ადგენს, გადააჭარბა თუ არა ადამიანმა ალკოჰოლის მიღების კანონიერ მაჩვენებელს. ნაშრომი ჟურნალში Alcohol გამოქვეყნდა.

ტექნოლოგია, სახელად ADLAIA (Audio-based Deep Learning Algorithm to Identify Alcohol Inebriation), ღრმა დასწავლის ალგორითმია, რომელიც ხმოვანი ჩანაწერის მიხედვით ალკოჰოლურ თრობას აფიქსირებს. ტესტირებისათვის აქამდე არსებული აპარატები, ალკოტესტები, როგორც წესი, ძვირი და ნაკლებად ზუსტია. შესაბამისად, შესაძლოა, სხვადასხვა გარემოში ალგორითმის მათ კვალდაკვალ გამოყენება საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდეს.

აბრაამ ალბერტ ბონელას, კვლევის ხელმძღვანელის, თქმით, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია კოგნიტიურ და ფსიქომოტორულ შესაძლებლობებს ზღუდავს, რასაც საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის არაერთ საფრთხემდე მივყავართ, საგზაო შემთხვევები იქნება ეს თუ თრობისაგან განპირობებული ძალადობა.

"ადამიანში ალკოჰოლურ თრობას, როგორც წესი, სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის (BAC) გაზომვით ადგენენ, რისთვისაც ძვირ და შრომატევად ალკოტესტებს იყენებენ", — აცხადებს ალბერტ ბონელა — "ყველაფერს შეცვლიდა ტესტი, რომელიც უბრალოდ მიკროფონში ადამიანის საუბარს ეყრდნობა".

მკვლევრებმა ალგორითმი ნასვამი და ფხიზელი სპიკერების 12 360 ჩანაწერზე შექმნეს და გამოცადეს. აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0.05% ან მეტი ჰქონდათ, ADLAIA 70%-იანი სიზუსტით ცნობდა. მეორე მხრივ, ვისაც BAC 0.12%-ზე მაღალი ჰქონდა, ალგორითმი 76%-იანი სიზუსტით ააშკარავებდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება, ADLAIA მობილურ აპლიკაციებში ინტეგრირდეს და მყისიერი შედეგების მისაღებად სხვადასხვა გარემოში გამოიყენონ, თუნდაც ბარებში ანდა სტადიონებზე.

"ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირების მარტოოდენ საუბრის მიხედვით ამოცნობა ბევრად იაფი ალტერნატივა იქნება, ვიდრე არსებული სისტემები, რომელთა შემთხვევაშიც ამონასუნთქის ტესტირება ამ ადგილებში ძვირი და ხშირად არაზუსტია", — აცხადებს ალბერტ ბონელა — "საერთო პერფორმანსის გაუმჯობესების შემდეგ შეიძლება, ADLAIA მობილურ აპლიკაციებში ინტეგრირდეს და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირების ამოსაცნობისას სხვა ხელსაწყოებამდე გამოიყენონ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.