საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ ლაშა მესხი პროფესიონალიზმის გამო დაიწუნა და არა პროფკავშირული საქმიანობის გამო. ის მესხის ტელევიზიაში დაბრუნებას არ განიხილავს. ასე გამოეხმაურა მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი სახალხო დამცველის რეკომენდაციას მესხის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

"არ ვიცი მომავალში რა იქნება, ახლა არ განვიხილავ, მე მას ვუთხარი, როცა ბოლოს მქონდა კომუნიკაცია, რომ როგორც ჟურნალისტს ვერ ვხედავ. შესაბამისად, ამ ეტაპზე [თანამდებობაზე აღდგენას] არ განვიხილავ, მომავალში რა იქნება არ ვიცი," - განუცხადა გვიმრაძემ On.ge-ს.

ლაშა მესხი ამბობს, რომ სახალხო დამცველმა ფაქტებზე დაყრდნობით გასცა რეკომენდაცია. მას მიაჩნია, რომ მაუწყებლიდან მანკიერი სისტემის გამო გამოუშვეს.

"მენეჯმენტს ჩემს გამოშვებასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტობრივი გარემოება არ აქვთ. "რეფორმატორების" გუნდი, რომელთაც სწორება თითქოს BBC-ზე აქვთ, განსხვავებულ აზრს და პროფკავშირს საკუთარ კედლებში საბჭოთა მეთოდებით ებრძვის," - აღნიშნა მესხმა On.ge-სთან საუბრისას.

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებელს გათავისუფლებული ჟურნალისტის, ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. მიმართვის შესახებ 7 ივნისს გახდა ცნობილი. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ლაშა მესხის გათავისუფლება არასათანადო მოპყრობის ეჭვს იწვევს.

თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მესხმა 28 თებერვალს შეიტყო. მაშინ არხის მენეჯმენტი On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ამ ჟურნალისტთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავდა.