დაბინძურების შემცირების მიზნით ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლისა და თეფშების აკრძალვა იგეგმება. ინფორმაციას სახელმწიფოს მთავრობა ადასტურებს.

მონაცემების თანახმად, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდ ერთჯერად თეფშსა და 4.25 მილიარდ დანა-ჩანგალს იყენებენ, მოხმარების შემდეგ კი ამის მხოლოდ 10% გადამუშავდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, მსოფლიოს ოკეანეებში ნაგვის უდიდესი წილი სწორედ კვებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ნივთებზე მოდის.

აკრძალვის შესახებ აქამდე გავრცელებული უწყებები ახლახან გარემოს მდივანმა ტერეზა კოფიმ დაადასტურა.

"პლასტმასის ჩანგლის დაშლას 200 წელი შეიძლება დასჭირდეს, ორი საუკუნე ნაგავსაყრელზე ან ჩვენი ოკეანეების დაბინძურებაში", — განაცხადა მან — "ამ აკრძალვას დიდი გავლენა ექნება, რათა მილიარდობით პლასტმასის ნივთით დაბინძურება შეწყდეს და დაგვეხმარება, მომავალი თაობებისათვის ბუნებრივი გარემო დავიცვათ".

გადაწყვეტილება გარემოს, სურსათისა და სასოფლო საქმეების დეპარტამენტის (Defra) მიერ წარმოებულ განხილვას მოჰყვა, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე გრძელდებოდა. აკრძალვაზე შესული მოთხოვნების პასუხი 14 იანვარს გამოქვეყნდება. რამდენადაც ცნობილია, მის ფარგლებში პლასტმასის დანა-ჩანგლის, თეფშებისა და ლანგრების გამოყენება შეიზღუდება.

გასათვალისწინებელია, რომ შეზღუდვა ყოვლისმომცველი არ იქნება: Daily Mail-ის მიხედვით, აღნიშნული ნივთები მხოლოდ რესტორნებში, კაფეებსა და მზა კერძებით მოვაჭრე დაწესებულებებში აიკრძალება. შესაბამისად, ახალი კანონი სუპერმარკეტებსა და მაღაზიებზე არ ვრცელდება.

ამგვარმა გადაწყვეტილებამ გარემოსდამცველებში არაერთგვაროვანი რეაქცია აღძრა. ზოგისათვის ეს საკმაოდ მისაღები ნაბიჯია, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ პროგრესი მაინც საკმაოდ ნელია და აკრძალვის შეზღუდულობას აკრიტიკებს. სხვების აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი ნარჩენების შემცირებას მათი წარმოშობის ადგილზევე შევეცდებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვები უკვე შოტლანდიასა და უელსშიც შევიდა. ამასთანავე, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ ერთჯერადი კოქტეილის ჩხირები და ყურის ჩხირები ინგლისში 2020 წელს აკრძალა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.