ცოტა ხნის წინ მარველის მსახიობი ჯერემი რენერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსახიობი უამინდობის დროს თოვლის საწმენდი მანქანით დაშავდა, რის შედეგადაც გულმკერდის ტრავმა და ორთოპედიული დაზიანებები მიიღო.

ქორისთვალას ვარსკვლავს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი წარმომადგენლების განცხადებით, მსახიობის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა სტაბილური იყო. მიუხედავად ამისა, ჯერემიმ ფანებისთვის მადლობის გადასახდელად ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა:

"კეთილი სიტყვებისთვის ყველას მადლობას გიხდით. ახლა ზედმეტად ცუდად ვარ იმისთვის, რომ ტექსტი ავკრიფო, მაგრამ სიყვარულით მოგიკითხავთ", — ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

ფოტოს კომენტარებში ჯერემის გამოჯანმრთელება უამრავმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის მარველის მსახიობებმა — კრის ჰემსვორტმა, კრის პრატმა, კრის ევანსმა და სხვებმა უსურვეს.

უბედური შემთხვევა ნევადის შტატში მოხდა, სადაც რენერს ტაჰოს ტბასთან ახლოს საკუთარი რანჩო აქვს. ახალ წელს მსახიობი ნევადას ეწვია, რომელსაც თავს ქარიშხალი დაატყდა და თოვლის გაწმენდის სამუშაოები სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში რენერი ვერტმფრენით გადაიყვანეს.

იმედი გვაქვს, მსახიობი საყვარელ საქმიანობასა და როლებს ძველებური ენერგიით მალევე დაუბრუნდება.