კანონის ძალით აბორტის აკრძალვას — სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას — ხშირად მისი არალეგალურ, ნაკლებად უსაფრთხო პირობებში ჩატარება მოსდევს, რაც, ბუნებრივია ქალების ფიზიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, აბორტის აკრძალვა რეპროდუქციული ასაკის ქალებში სუიციდის მაჩვენებელსაც ზრდიდეს. ნაშრომს გამოცემაში JAMA Psychiatry გაეცნობით.

აქამდე ჩატარებულმა ერთ-ერთმა ანალიზმა აჩვენა, რომ რეპროდუქციული ზრუნვისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა კარიერულ მისწრაფებებთან ძლიერ უარყოფით კორელაციაშია. ამჯერად მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რეპროდუქციული ასაკის ქალებში სუიციდის რისკები შეეფასებინათ. ამისათვის მათ დაახლოებით 40 წლის მონაცემები შეაფასეს.

"შევიმუშავეთ სამი ინდექსი, რომლებიც რეპროდუქციული ზრუნვისადმი ხელმისაწვდომობას შტატში კანონმდებლობის გატარების მიხედვით აფასებს", — გვიხსნის ჯონათან ზენდბერგი, ლექტორი ფინანსების განხრით — "თითოეული შემთხვევა, როდესაც შტატმა რეპროდუქციულ ზრუნვასთან დაკავშირებული კანონი მიიღო, იგი ინდექსში შევიტანეთ".

შედეგები თვალსაჩინო აღმოჩნდა: რაც უფრო მკაცრად კონტროლდებოდა აბორტისადმი ხელმისაწვდომობა, მით მაღალი იყო სუიციდის რისკიც. ამგვარი ტენდენცია მაშინაც კი შენარჩუნდა, როდესაც მკვლევრებმა სხვა ცვლადებით (მაგალითად, ეკონომიკური ან პოლიტიკური კლიმატი) მანიპულაცია დაიწყეს. ამასთანავე, იგი სხვა პოპულაციებში არ შეიმჩნეოდა. კანონზომიერება არ აიხსნა ზოგადად სიკვდილის მომატებული რისკითაც: გუნდმა ანალოგიური ანალიზი ავტომობილებით გამოწვეული სიკვდილიანობის (სიკვდილის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი) შემთხვევაშიც ჩაატარა და მსგავსი არაფერი შემჩნეულა.

"კავშირი ძლიერია — და ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს", — აცხადებს რან ბარზილეი, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს (პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის სამედიცინო სკოლა) ფსიქიატრი — "ამ ყველაფერს მონაცემები ამყარებს".

მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კვლევა კორელაციურია და არა კაუზალური, ანუ მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ადგენს. შესაბამისად, ვერ დამტკიცდება, რომ ნამდვილად აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იწვევს სუიციდის მაჩვენებლის ზრდას.

"ათწლეულების კონტექსტში სიკვდილის მიზეზების ჯამურ მონაცემებსა და კანონმდებლობას შორის კავშირს ვაკვირდებით", — ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი რებეკა უოლერი — "მიუხედავად ამისა, სიკვდილის თითოეული შემთხვევა ტრაგედიის ცალკეული მომენტია. შესაბამისად, ბევრად მეტი საშინელება უნდა გავიაზროთ, რათა სუიციდის ინდივიდუალური რისკის კუთხით ამ მიგნებათა მნიშვნელობა გავიგოთ".

მართალია, პროექტი თითოეული ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ანდა გარემოებებს ვერ ახსნის, თუმცა, შესაძლოა, მიგნებებს სამედიცინო სფეროში მოღვაწეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

"სტრესი ფსიქიკური პრობლემებისა და სუიციდის რისკის მთავარი მასაზრდოებელი ძალაა", — დასძენს ბარზილეი — "აღმოვაჩინეთ, რომ კონკრეტულ სტრესორს — აბორტის აკრძალვას — გარკვეული ასაკის ქალებზე გავლენა აქვს სიკვდილის გარკვეული მიზეზის კუთხით, რომელიც სუიციდია".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.