ქვეყნის ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2022 წელი ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. როგორც ჩანს, ტენდენცია გრძელდება, რადგან ჩრდილოეთის არაერთ ქალაქში ახალი წლის დღეს უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ესპანეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გასულ წელს მაღალმა ტემპრატურამ დასავლეთ ევროპის არაერთი სახელმწიფო დააზარალა – გამოიწვია ტყის ხანძრები, გაანადგურა მოსავალი და წყლის მოხმარებაზე შეზღუდვის დაწესებაც კი გახადა აუცილებელი.

ესპანეთში 2022 წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 15.5°C-ს შეადგენდა, რაც 1916 წლის შემდეგ (როცა აღწერა დაიწყო) უმაღლესი მაჩვენებელია. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საშუალო ტემპერატურა 15°C-ს გადაცდა.

მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში ცხელი ჰაერის ნაკადების "დამსახურებით" სიცხე მუდმივად იმატებდა. ამ პერიოდში ესპანეთის უდიდეს ნაწილში ტემპერატურამ 40°C-ს არაერთხელ გადააჭარბა.

მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, მარტისა და აპრილის გარდა, 2022 წლის ყველა თვე ჩვეულებრივზე ცხელი იყო, განსაკუთრებით კი მაისი, ივლისი და ოქტომბერი.

როგორც უკვე ვახსენეთ, რეკორდული ტემპერატურა ახალ წელსაც დაფიქსირდა. ბილბაოში ახალი წლის დღეს 25.1°C იყო, რაც ამ ადგილას, ჩვეულებრივ, ზაფხულში უფრო ბუნებრივი ტემპერატურაა.

ფოტო: phys.org

შეზღუდვები წყლის მოხმარებაზე

გარემოს დაცვის სამინსიტროს განცხადებით, ქვეყნის წყლის მარაგები დეკემბრის ბოლოს 43%-ს შეადგენდა, რაც ბოლო 10 წელიწადში უმცირესი მაჩვენებელია. წვიმების ნაკლებობის გამო კატალონიაში წყლის მოხმარებაზე შეზღუდვებიც შემოიღეს.

შეზღუდვები მოიცავს სასმელი წყლით სახლის ფასადის მორეცხვის, ავტომობილის გარეცხვისა და საცურაო აუზის ავსების აკრძალვასაც. ასევე, გაიცა რეკომენდაცია, რომ ირიგაციისთვის წყალი ეკონომიურად გამოიყენონ.

ზაფხულში მაღალმა ტემპერატურამ ესპანეთში 4744 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

სიცხე ძირითადად გულის შეტევას იწვევს, რაც აზიანებს ტვინს, თირკმლებსა და სხვა ორგანოების პრობლემებს.

ევროკავშირის EFFIS სატელიტური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ხანძარმა 300 000 ჰექტარი ფართობის ტყე გაანადგურა.

მე-19 საუკუნის შემდეგ დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 1.1°C-ით მოიმატა, ამ ზრდის ნახევარზე მეტი კი ბოლო 30 წელზე მოდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.