ლეგენდარული დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი, რომელმაც 70-იანი წლების დიდ ბრიტანეთში პანკ კულტურის განვითარებაში თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, 2022 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

"ვივიენ ვესტვუდი დღეს გარდაიცვალა, მშვიდად, თავისი ოჯახის წევრებით გარშემორტყმული, კლაპჰემში, სამხრეთ ლონდონში," — ვკითხულობთ მის ოფიციალურ ტვიტერის ანგარიშზე. —"სამყაროს მეტი ვივიენის მსგავსი ადამიანი სჭირდება, რათა უკეთესობისკენ შეიცვალოს."

ვივიენმა პანკების სტილი ფართო საზოგადოებისთვის მისაღები გახადა და ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა თავის შემოქმედებაში ის მეამბოხის ნაპერწკალი, რამაც თავდაპირველად აქცია ცნობილ და წარმატებულ დიზაინერად.

ფოტო: Richard E. Aaron / Redferns

დროთა განმავლობაში ვივიენ ვესტვუდის კოლექციებით აღფრთოვანებული იყვნენ როგორც პანკები, ისე სამეფო ოჯახის წევრები. მისი შექმნილი ტანსაცმელი 2008 წლის ფილმში სექსი დიდ ქალაქში, რომელიც ისევ ამავე სახელწოდების სერიალის გმირების ცხოვრებაზეა, გამოჩნდა; მაგალითად, საქორწინო კაბა, რომელიც სარა ჯესიკა პარკერს ეცვა.

ვივიენი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კლიმატის ცვლილებაზეც ხმამაღლა ალაპარაკდა და ცდილობდა, თავისი კოლექციის წარმოებაც გაეუმჯობესებინა გარემოს დაცვის მიზნით; მაგალითად, იყენებდა მხოლოდ ორგანულ ბამბას და ისეთ პროდუქციას, რომლის მოპოვებაც კლიმატის გაუარესებას არ გამოიწვევდა.