თუკი ოდესმე მეცნიერებისთვის საკუთარი სხეულის მიყიდვაზე გიფიქრიათ ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობა არ გასვენებთ, ეს სტატია გიჩვენებთ 9 გზას, რომლითაც ამის გაკეთება შეგიძლიათ. მაშ, დავიწყოთ.

1. იწექით 60 დღის განმავლობაში

ფოტო: NASA

ანაზღაურება: $18 500

თუკი საწოლში გაუნძრევლად წოლა თქვენი ჰობია, NASA მზადაა, 18 500 დოლარი გადაგიხადოთ, რათა 60 დღის განმავლობაში, 24 საათი იწვეთ. რატომ იხდის ნასა ამაში? ეს კვლევები კოსმოსური სააგენტოს მკვლევრებს ეხმარება, დაინახონ ის ცვლილებები, რასაც ასტრონავტის სხეული განიცდის კოსმოსური ფრენისას უწონადობის გამო.

მკვლევრებმა უკვე შეარჩიეს მონაწილეები სადებიუტო ცდისთვის, მაგრამ ნასამ 2021 წლის ნოემბერში გამოაცხადა, თითქმის, 50 მილიონი აშშ დოლარის კონტრაქტი ამ კვლევების გასაგრძელებლად.

რამდენიმე თვით წამოწოლისთვის ანაზღაურება შეიძლება იოლ ფულად გეჩვენებოდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შესარჩევი კომიტეტი ეძებს მონაწილეებს, რომლებიც ფლობენ ნამდვილი ასტრონავტის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თვისებებს. თქვენ ყოველთვის მოგიწევთ, დახაროთ თავი 6 გრადუსით, მაშინაც კი, როცა იბანთ, ჭამთ ან სარგებლობთ ტუალეტით.

რონი კრომველმა, ამ კვლევების უფროსმა ავტორმა, Forbes-ს განუცხადა: "ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ შევარჩევთ ადამიანებს, რომლებიც მენტალურად მზად არიან, გაატარონ [ორი თვე] საწოლში. ყველას არ აწყობს ეს. ყველა ტიპის ადამიანი ვერ გაძლებს ხანგრძლივი დროით საწოლში."

2. გაყიდეთ სისხლის პლაზმა

ფოტო: AP Images

ანაზღაურება (თითო დონაციაზე): $50

პლაზმა ადამიანის სისხლში ყველაზე დიდი კომპონენტია. ეს არის ცილებით მდიდარი სითხე, რომელიც, ძირითადად, შეიცავს წყალს, მაგრამ ასევე სავსეა ფერმენტებით, ანტისხეულებითა და მარილებით. ეს უხეში, წებოვანი, მოყვითალო სითხე შეიძლება გამოიყენონ, რომ შეიმუშაონ თერაპიები, რომლებიც მკურნალობს სისხლის შედედების დარღვევის მქონე ადამიანებს, ავტოიმუნურ დაავადებებსა და დამწვრობის მსხვერპლებსაც კი.

DonatingPlasma.org-ის მიხედვით, პლაზმის დონაციას ხშირად "სიცოცხლის საჩუქარს" უწოდებენ, რადგან ზოგიერთი მდგომარეობის მკურნალობა სინთეზურად ვერ განხორციელდება და ადამიანის ამ წვლილს მოითხოვს.

პლაზმის დონაციის დროს იღებენ სისხლს, ხოლო ავტომატური აპარატი გამოყოფს პლაზმას სისხლის სხვა კომპონენტებისგან, რომლებიც უბრუნდება დონორს. პლაზმის გაცემისას ანაზღაურება განსხვავდება საიტიდან საიტზე, მაგრამ საშუალო თანხა, ჩვეულებრივ, დაახლოებით, 50 აშშ დოლარია თითო დონაციაზე.

ამერიკის წითელი ჯვრის თანახმად, შეგიძლიათ, უსაფრთხოდ გასცეთ პლაზმა, დაახლოებით, თვეში ერთხელ. ტიპური სესია კი ორ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ლიცენზირებული და სერტიფიცირებული პლაზმური ცენტრის საპოვნელად აქ დააკლიკეთ.

3. გაყიდეთ კვერცხუჯრედი

ფოტო: Pichi Chuang/Reuters

ანაზღაურება (თითო დონაციაზე): $8 000-დან $14 000-მდე

კვერცხუჯრედის დონაცია საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომელთა საკვერცხეებიც არ აწარმოებს ჯანსაღ კვერცხუჯრედებს, დაორსულდნენ სხვა ადამიანის კვერცხუჯრედების გამოყენებით. შეერთებულ შტატებში, რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოება ვარაუდობდა, რომ "არ იყო მიზანშეწონილი", ვინმესთვის გადაეხადათ 10 000 დოლარზე მეტი მათი კვერცხუჯრედებისთვის, მაგრამ 2016 წელს ASRM-მ გააუქმა ეს გაიდლაინი.

ნიუ-იორკში მდებარე NYU Langone Fertility Center-ში კვერცხუჯრედის შემოწირულობის კომპენსაცია დღეისათვის შეადგენს ზუსტად 10 000 აშშ დოლარს და მოიცავს უფასო სამედიცინო სკრინინგს. Weill Cornell Medicine-ი ხაზს უსვამს სტანდარტულ საფეხურებს კვერცხუჯრედის დონაციისთვის, რაც მოითხოვს, დაახლოებით, ოთხ კვირას.

დონაციის ციკლის დროს პაციენტებს უკეთებენ ფერტილურობის წამლებს, რათა მათმა საკვერცხეებმა მეტი კვერცხუჯრედი შექმნას. პროცედურაზე დაშვებული ქალები, ძირითადად, 21-დან 35 წლამდე ასაკის არიან. კვერცხუჯრედის აღდგენის პროცედურას, დაახლოებით, 20 წუთი უნდა, მაგრამ გამოჯანმრთელებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

დარეგისტრირებამდე უნდა იცოდეთ კვერცხუჯრედის დონაციის პროცესის რისკების შესახებაც. გართულებები შეიძლება მოიცავდეს ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორებიცაა: ქსოვილის ხანგრძლივი პათოლოგიური ზრდა საშვილოსნოს გარეთ (ენდომეტრიოზი), გუნება-განწყობის გაუარესება, ინფექცია, თირკმლის დაზიანება და, იშვიათ შემთხვევებში, სიკვდილი. კვერცხუჯრედის დონაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კიბოც, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ჰიპოთეზური კორელაციის დაზუსტებას ათწლეულები დასჭირდება.

და, რა თქმა უნდა, რადგან დონორი კვერცხუჯრედებიდან დაბადებული ბავშვები იზიარებენ დნმ-ს თავიანთ დონორთან, ქალებმა, რომლებიც დონაციას აპირებენ, ასევე უნდა იცოდნენ, რომ მათი დახმარებით დაბადებულ ბავშვებს შეიძლება ოდესმე მოუნდეთ მათთან დაკავშირება.

4. გაიღეთ სპერმა

ფოტო: Shutterstock

ანაზღაურება (თითო დონაციაზე): $35-დან $125-მდე

სპერმის დონაცია, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადვილი და ნაკლებად სარისკოა, ვიდრე კვერცხუჯრედის დონაცია. SpermBankDirectory.com-ისა და კალიფორნიის სპერმის ბანკის თანახმად, თითო შემოწირულობაზე შეგიძლიათ, გამოიმუშაოთ 35-დან 125 აშშ დოლარამდე.

ბევრი პროგრამა მოითხოვს ექვსთვიან ან ერთწლიან ვალდებულებას. Manhattan Cryobank-ი აცხადებს, რომ დონორებს, სპერმის სანაცვლოდ, თვეში 1 500 დოლარს უხდის.

ზოგადად, სპერმის ბანკები დონორებს არჩევენ. ისინი ეძებენ მამაკაცებს, რომლებიც არიან ჯანმრთელები, შედარებით მაღლები (ჩვეულებრივ, სულ მცირე, 170 სმ), ახალგაზრდები (40 წლამდე) და განათლებულები.

სპერმის დონორებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ მაშინაც კი, თუ ისინი ანონიმურად დონაციას აირჩევენ, სპერმის დონაცია არასოდეს არის 100%-ით ინკოგნიტო. ამდენად, თუკი სპერმის დონაციას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ, რომ ერთ დღესაც, შესაძლოა, თქვენი შთამომავალი დაგიკავშირდეთ.

5. გახდით სუროგატი დედა

ფოტო: REUTERS/Mansi Thapliyal

ანაზღაურება: $24 000-დან $ 45 000-მდე

ქალებს, რომლებიც სხვა წყვილის შვილს მუცლით ატარებენ, შეუძლიათ, მიიღონ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ე.წ. "გესტაციური სუროგაციისთვის".

მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ სუროგაცია ყველგან ლეგალური არ არის. მაგალითად, აშშ-ში სუროგაციის შესახებ სახელმწიფო კანონები რთული და წინააღმდეგობრივია. ნიუ-იორკსა და მიჩიგანში აკრძალულია ასეთი კონტრაქტები და, მათი გაფორმების შემთხვევაში, მოგიწევთ ციხეში ჩაჯდომა ან სოლიდური ჯარიმის გადახდა.

6. დარეგისტრირდით ანაზღაურებად კლინიკურ კვლევებზე

ფოტო: NIH

ანაზღაურება: განსხვავდება პროგრამის მიხედვით

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აწარმოებს საძიებო მონაცემთა ბაზას, ClincalTrials.gov, ადამიანთა კლინიკური კვლევებისთვის მთელ მსოფლიოში. მონაწილეებზე შეიძლება გამოცადონ ახალი სამედიცინო პროდუქტები, როგორიცაა წამლები მაღალი არტერიული წნევისთვის, ან მონაწილეობა მიაღებინონ დაკვირვებად კვლევებში, როგორიცაა კვლევა, რომელიც არკვევს სხვადასხვა ცხოვრების წესის გავლენას გულის ჯანმრთელობაზე.

სუბიექტებს, როგორც წესი, უხდიან ფულს კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად და, უმეტეს შემთხვევაში, რაც უფრო დიდია რისკი, მით უფრო დიდია ჯილდო.

თუკი კვლევაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას გადაწყვეტთ, აირჩიეთ გონივრულად და ფრთხილად, რადგან საიტზე არსებული ყველა კვლევა არ არის რეგულირებული ან უსაფრთხოდ მიჩნეული აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ.

7. ჩაერთეთ ფსიქოლოგიურ კვლევებში

ფოტო: Martin Acosta/Reuters

ანაზღაურება: განსხვავდება პროგრამის მიხედვით

ფსიქოლოგიური კვლევები, რომლებიც ადამიანის ქცევასა და ტვინის ფუნქციონირებას იკვლევს, შეიძლება არ გამოირჩეოდეს მაღალი ანაზღაურებით, მაგრამ ისინი, კლინიკურ კვლევებთან შედარებით, უფრო დაბალ რისკს შეიცავს და უფრო მცირე ხნის განმავლობაში გრძელდება.

კვლევითი უნივერსიტეტების უმეტესობას აქვს კვლევების ონლაინ მონაცემთა ბაზა, რათა ადამიანებს მარტივად შეეძლოთ დარეგისტრირება. აქ შეგიძლიათ, ნახოთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული უახლესი ფასიანი კვლევების სია. მაგალითად, შეგიძლიათ, გამოიმუშაოთ 10 დოლარი ფერების ამოცნობით.

8. გაიღეთ ძვლის ტვინი

ფოტო: BSIP/UIG Via Getty Images

ანაზღაურება (თითო დონაციაზე): მგზავრობისა და სხვა ხარჯების დაფარვა

სისხლის პლაზმის გაყიდვის მსგავსად, ასევე შეგიძლიათ, გაყიდოთ თქვენი ძვლის ტვინი. ადამიანებისთვის, რომლებსაც ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებათ, ლოდინი ხანდახან შეიძლება იყოს ხანგრძლივი და დამღლელი.

ძვლის ტვინი ერთ-ერთი ყველაზე რთული ორგანოა, რომლის შესაბამისი წყვილის პოვნაც ძნელია ტრანსპლანტაციის დროს. Be The Match-ის თანახმად, შესაბამისი ძვლის ტვინის პოვნის ალბათობა 29%-დან 79%-მდე მერყეობს, "პაციენტის ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით".

მიუხედავად იმისა, რომ Be The Match-ი არ იხდის ძვლის ტვინის დონაციის თანხას, ისინი ანაზღაურებენ დონორებისთვის პროცედურებისა და მგზავრობის ხარჯებს.

9. და ბოლოს, მიუძღვენით თქვენი მკვდარი სხეული მეცნიერებას

ფოტო: Associated Press/Stacy Thacker

ანაზღაურება: უფასო კრემაცია

ეს იდეა ბევრისთვის არაეთიკურია, თუმცა მას შეუძლია, ხელი შეუწყოს კვლევებს და ახალი ცოდნის მიღებას. ადგილები, როგორებიცაა: BioGift და Science Care ფარავს კრემაციის ხარჯებს, რომელიც შეიძლება 1 000 დოლარზე მეტი იყოს.

აი, ესაა ის 9 გზა, რომლებითაც შეგიძლიათ, საკუთარი სხეული მეცნიერებისთვის გაიღოთ. საჭიროების შემთხვევაში, რომელ გზას აირჩევდით?

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.