დეპუტატის მონახულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მე-12 დღეა შიმშილობს.

  • ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 15 დეკემბერს მიმართეს.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით 18 დეკემბერს შიმშილობა აბდულ ისმაილოვმა, 24 დეკემბერს კი — დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ შეწყვიტეს, ამ დროისთვის კი შიმშილობას მხოლოდ წითლიძე აგრძელებს.

პაპუაშვილის განცხადებით, ესაუბრა ექიმებს და მათი თქმით, მდგომარეობა მისულია იმ ეტაპამდე, რომლის შემდეგაც, შესაძლოა, ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება დადგეს.

  • ამიტომ, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დეპუტატმა შეწყვიტოს შიმშილობა და ამისკენ მას თანაგუნდელებმაც მოუწოდონ.
  • რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს სასამართლოს კომპეტენციაა, შემდეგ კი დასძენს:
  • "სასამართლოსთვის ულტიმატუმის წაყენება არ არის ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში საკითხების გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს".

წითლიძის თქმით, ხელისუფლებამ ისტორიულ პასუხისმგებლობაზე უნდა იფიქროს, თავად კი შიმშილობას აგრძელებს.

  • "უნდა იფიქროს იმაზე, რომ ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ ყველას, ეს ანგარიშსწორება პრეზიდენტ სააკაშვილზე არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე", — თქვა დეპუტატმა.