თიბისი კაპიტალმა ღონისძიებაზე — 2023 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები, განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრაზე 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეჯამდა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, ვალუტის კურსსა და სექტორულ ტენდენციებზე მიგრანტების შემოდინების გავლენა განიხილეს. ასევე, მომავალი წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს. სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით, წარმოდგენილი იქნა 2023 წლის ძირითადი მოლოდინები.

2022 წლამდე საქართველოს ეკონომიკური პარტნიორების აქტივობა მნიშვნელოვნად განაპირობებდა საქართველოს ეკონომიკის ზრდას. 2022 წელს ეს კავშირი დიდ წილად მიგრაციის ეფექტმა შეცვალა. უკრაინაში საომარი მოქმედებების გარეშე, 2022 წელს საქართველოს ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რაც საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად იმოქმედებდა. ამდენად, მიგრაციის ეფექტის გარეშე, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა არსებულთან შედარებით მცირედით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იქნებოდა. ამას, დიდ წილად ტრადიციული ტურიზმის მეტი აღდგენა განაპირობებდა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უფრო ზომიერია. ასევე, მნიშვნელოვანი იქნებოდა განსხვავება ევრო-დოლარის კურსის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთები, საკრედიტო აქტივობისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ.

ომის გარეშე, ტურიზმის აღდგენა შედარებით უფრო ნაკლები, თუმცა მაინც ძლიერი იქნებოდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დამატებით გაიზარდა ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები. კონფლიქტის მოგვარება, დიდი ალბათობით, ევროს გამყარებას გამოიწვევს, რაც საქართველოში ეკონომიკური ზრდისთვის და ლარისთვის პოზიტიური იქნება.

2023 წელს ეკონომიკის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა უფრო განვითარებული ქვეყნების ხარჯზე. ინფლაციის შემცირება კი თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარია.

რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს — 3.5%, 2024-ში კი 5.4% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეს ეტაპობრივად დაუბრუნდება, 2023-ში — 2.8%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს — 2.80, 2024-ში კი — 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს — 3.11, 2024 წელს კი 3.19 არის ნავარაუდები.

თიბისი კაპიტალის განახლებული პუბლიკაციის თანახმად, მიგრანტებმა არაერთ სექტორზე იქონიეს გავლენა.

2022 წელს სამომხმარებლო სექტორის (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) ბრუნვა 34%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციამ, მიგრაციამ, გაზრდილმა მობილობამ, გაუმჯობესებულმა ტურისტულმა და ეკონომიკურმა აქტივობებმა განაპირობა. 2022 წელს სამომხმარებლო სექტორის ბრუნვის 5% მიგრანტებით იყო განპირობებული, 2023 წელს კი მიგრანტების კონტრიბუცია 3%-მდე შემცირდება.

2023 წელს მიგრანტების ქცევა ადგილობრივების ქცევას მიუახლოვდება, თუმცა, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ სექტორებში, მათი წვლილი ისევ მნიშვნელოვანი იქნება.

2022 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ მიგრაციითაა განპირობებული. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში გასაყიდი ფასი — 15%-ით, ქირის ფასი — 70%-ით, გაყიდვები კი 24%-ით გაიზარდა.

მიგრანტებისგან მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის. 2022 წლის 11 თვეში თბილისში, მიგრანტების მიერ შეძენილი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში — მხოლოდ 5%, გაქირავებულ ბინებში კი 32%-ია. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, გაყიდულ ბინებში მიგრანტების წილი 11.5% იქნება, გაქირავებულ ბინებში კი — 18%. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელს ზრდას განაგრძობს, თუმცა მიგრაციის ეფექტი 2024 წლიდან უარყოფითი იქნება.

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ძლიერი ზრდის ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და ჯამურად, 2019 წლის 11 თვესთან შედარებით, შემოსავლები 4%-ით გაიზარდა.

2022 წლის 11 თვეში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 51% შეადგინა და 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა, რაც განპირობებული იყო: ტურისტული ვიზიტების აღდგენით, საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობის ზრდით (4-დან 6 ღამემდე) და აქტიური შიდა ტურიზმით.

2022 წლის 11 თვეში, დიდ სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა $111 შეადგინა, რაც 2019 წლის ფასს 10%-ით ჩამორჩება. 2023 წელს დიდ სასტუმროებში მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი $124-ია.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.