23 მაისს, მანჩესტერ არენაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, არიანა გრანდემ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა, რომელზეც შოუ-ბიზნესის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. საქველმოქმედო საღამო კვლავ მანჩესტერში, ამჯერად მანჩესტერ იუნიატედის სტადიონზე, Old Trafford-ზე ჩატარდა.

კონცერტში მონაწილეობას იღებდა ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Coldplay, რომელმაც სხვა სიმღერებთან ერთად, თავისი ცნობილი ჰიტი, Fix You შეასრულა. მათი გამოსვლის დროს, სტადიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პოლიციელებმა მაყურებლებთან ერთად იცეკვეს და განსაკუთრებული განწყობა შექმნეს.

პოლიციელების ცეკვა იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ მის შესახებ საერთაშორისო პრესაც წერს. Independet-მა ინგლისელ პოლიციელებს ცალკე სტატიაც კი მიუძღვნა.

ამ დროისთვის, პოლიციელების ცეკვის ვიდეოს 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

მოგვიანებით, არიანა გრანდემ და კრის მარტინმა დუეტიც შეასრულეს.

საქველმოქმედო კონცერტის შედეგად, ამ დროისთვის, 10 მილიონ ფუნტ-სტერლინგზე მეტია შეგროვებული. დონაცია ამ დრომდე გრძელდება და მასში მონაწილეობა თქვენც შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, მანჩესტერ არენაზე არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქება მოხდა, რომელსაც 22 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასეულობით ადამიანი დაშავდა. კონცერტზე დამსწრეები, მათ შორის, უმრავლესობა გრანდეს ახალგაზრდა ფანები, მანჩესტერ არენას ტოვებდნენ, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. ინციდენტი გრანდეს მიერ სცენის დატოვებიდან რამდენიმე წუთში მოხდა.