გამოსვლიდან ძალიან ცოტა ხანში OpenAI-ის ჩეთბოტმა, ChatGPT-მა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

ხელოვნურა ინტელექტმა უკვე არაერთი შოკისმომგვრელი შესაძლებლობა გვიჩვენა, კოდის წერით დაწყებული, დამაჯერებელი ისტორიების შეთხზვით დამთავრებული. მეტიც, ამ ისტორიების ოსტატობამ არაერთი მკვლევარი გააოცა, რომელთა თქმითაც, ესეს წერის დონით ჩეთბოტი ამ ეტაპზე მაღალკურსელებს არ ჩამოუვარდება.

ასევე იხილეთ: რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება?

მიუხედავად ამისა, საერთო აღფრთოვანებას ყველა ლექტორი არ იზიარებს და, მათი აზრით, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი აკადემიური ნაშრომის ამოცნობა ძალიან მარტივია და ის არც ანალიტიკური შეფასების უნარით გამოირჩევა. შესაბამისად, შესაძლოა ამ მეთოდის გამოყენება დაბალი ქულის მიღებისკენ ან, გამოჭერის შემთხვევაში, გამოცდის ჩაფლავებისკენ მოკლე გზა იყოს.

ინგლისური ენის პროფესორმა, სტიუარტ სელბერმა Insider-თან საუბარში განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიების მიმართ შიში და მათი გადაფასება ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ისტორიის გამეორების რიგითი შემთხვევაა. თუ წარსულს გავიხსენებთ, ადამიანები ასევე უყრებდნენ Word-ს, ინტერნეტსა და Wikipedia-ს.

სელბარის აზრით, ChatGPT უბრალოდ არსებულ ინფორმაციას და არგუმენტებს აერთიანებს, ხოლო ანალიტიკურ კითხვებს საკითხთან დაკავშირებით არ სვამს, არ იკვლევს მას. ჩეთბოტი არ იყენებს არსებულ არგუმენტებს ახლის შესაქმნელად, რაც ანალიტიკური ნაშრომის შეფასების უმთავრესი კრიტერიუმია.

სელბარის მოსაზრებას იზიარებს ისტორიის პროფესორი ჟაკლინ ანტონოვიჩიც, რომელმაც Twitter-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ჩეთბოტის მიერ შექმნილი ნაშრომი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს უდაბლეს, F შეფასებას მიანიჭებდა.

საკითხს განსხვავებულად უყურებს ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორი ლეა ჰენრიკსონი, რომლის აზრითაც, ამ ტიპის ტექნოლოგიების გამოყენება საკლასო პროცესში, იმ ადამიანების დასახმარებლად შეიძლება, რომელთა პირველი ენაც ინგლისური არ არის.

"ჩვენმა სტუდენტებმა იციან, რომ ეს საშუალებები არსებობენ. ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ ბავშვებს მათი სწორად გამოყენება ვასწავლოთ", — განაცხადა ჰენრიკსონმა

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.