ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თალიბების ძალაუფლების გამტკიცების შემდეგ ავღანეთში მკვეთრად გაიზარდა ქალების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა და ღირსებისა და მანკიერების სამინისტროთი ჩაანაცვლა.

  • ქალებს შეუზღუდეს საშუალო სკოლებში სწავლის შესაძლებლობა და აუკრძალეს პარკებსა და სპორტული დარბაზებში შესვლა.
  • თალიბებმა სასტიკად სცემეს კაცები, რომელთა გვერდითაც ქალები თავსაბურავის გარეშე ან ფერადი ტანსაცმლით შენიშნეს.
  • გაეროს შეფასებით, ეს კაცების ერთგვარი წახალისებაა გააკონტროლონ ქალების გარეგნობა, ჩაცმულობა, ქცევა და გადაადგილება, რაც საბოლოო ჯამში ძალადობის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
  • ქალთა უფლებადამცველებს, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ ქალებისა და გოგოების მიმართ გაზრდილ შეზღუდვებს, სასტიკად უსწორდებიან და აპატიმრებენ.

დეტალები: თალიბანის უმაღლესი განათლების მინისტრის წერილში ნათქვამია, რომ ყველა უნივერსიტეტი ქალებისთვის დახურული დარჩება ინფორმაციის შემდგომ განახლებამდე — ბრძანება დაეგზავნა, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს.

  • როგორც DW წერს, განათლების სამინისტროს სპიკერმა ასევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, რომ მ-6 კლასის შემდეგ გოგოები საკლასო ოთახებში აღარ დაიშვებიან.
  • BBC-ის ინფორმაციით, ამ აკრძალვამდე 3 თვით ადრე უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრი გამოცდები ათასობით ავღანელმა ქალმა ჩააბარა, მაგრამ მაშინ ყოვლისმომცველი შეზღუდვები დაწესდა იმ საგნებზე, რომელთა შესწავლაც შეეძლოთ.