TerraPower, კომპანია რომელსაც ბილ გეიტსი მხარს აქტიურად უჭერდა, განვითარებულ ბირთვულ რეაქტორს სულ მცირე, ორი წლის დაგვიანებით შექმნის. ეს შედეგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დადგა, რამაც აგრესორ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირების შეწყვეტა გამოიწვია.

კომპანია თავისი პირველი რეაქტორის, Natrium-ის, ამუშავებას 2028 წელს, ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში აპირებდა.

რუსეთი — HALEU საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი

"TerraPower-მა წარადგინა გეგმა, რომელიც პირველადი დატვირთვისთვის HALEU-ს (high-assay low-enriched uranium) რუსეთიდან შემოტანას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ის, რომ HALEU-ს ერთადერთი კომერციული წყარო მიწოდების ჯაჭვიდან ამოვარდა", — განაცხადა TerraPower-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ლევესკმა

ლევესკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ათი თვის განმავლობაში, TerraPower, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი (DOE), პროექტის მხარდამჭერები და კონგრესში არსებული მოკავშირეები HALEU-ს ალტერნატიულ წყაროს ეძებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი წყაროები არსებულ ვადაში იმ ზომის კომერციულ შესაძლებლობებს ვერ მიაღწევენ, რომ Natrium 2028 წელს ჩართონ.

პროექტი, სულ მცირე, ორი წლით გადაიდო

"იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის ნაკლებობას განვიცდით და არც გასამდიდრებელი დანადგარების მშენებლობა არ დაწყებულა, TerraPower-ს Natrium-ის რეაქტორის ჩართვის გადადება მინიმუმ ორი წლით მოუწევს", — განაცხადა ლევესკმა

განვითარებულ ბირთვულ რეაქტორს ფუნქციონირებისთვის HALEU (high-assay low-enriched uranium) სჭირდება, რომელიც 20%-მდე გამდიდრებული ურანია და სტანდარტულად გამოყენებადს ამ კუთხით ბევრად აღემატება. ბირთვული ენერგიის მხარდამჭერების თქმით, ეს ტექნოლოგია ნაკლებ ბირთვულ ნარჩენსაც დატოვებს.

აშშ-ში ამჟამად მოქმედი ბირთვული რეაქტორები მხოლოდ 5%-მდე გამდიდრებულ ურან-235-ს იყენებენ. შესაბამისად, დაასკვნეს, რომ ქვეყანას ამჟამად არ აქვს გამდიდრების ის შესაძლებლობა, რომელიც HALEU-ს Terrapower-ისათვის მიწოდებას ეყოფა.

განგაშის სიგნალი შეერთებული შტატებისთვის

გავრცელებული პრეს რელიზის მიხედვით, ვაიომინგელი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ბარასო აცხადებს, რომ ეს შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განგაშის სიგნალი უნდა იყოს.

"ეს ხაზს უსვამს იმას, რასაც მე წლებია ვამტკიცებ: ამერიკა უნდა დაუბრუნდეს ძველ პოზიციას და ბირთვული ენერგიის სფეროში გლობალური ლიდერი გახდეს. ისეთ მოწინააღმდეგეებზე დაყრდნობის ნაცვლად, როგორიც რუსეთია, აშშ-მა განვითარებული ბირთვული საწვავის თავად წარმოება უნდა შეძლოს", — განაცხადა სენატორმა

ბარასომ სენატის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მანჩინს წერილით მიმართა, რომელშიც მოსმენის ჩანიშვნისკენ მოუწოდა, სადაც HALEU-ს განიხილავენ. სენატორის აზრით, ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ TerraPower-ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

წერილში გაკრიტიკებულია ენერგეტიკის დეპარტამენტიც, რომელსაც საშინაო მოხმარებისთვის სამყოფი HALEU-ს წარმოების შესაძლებლობა არ აქვს. ბარასოს აზრით, დროული მოქმედებისა და მონდომების შემთხვევაში ამის მოხერხება შეიძლებოდა.

რა ვიცით TerraPower-ის შესახებ

ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტმა (DOE) TerraPower-ს 80 მილიონი დოლარის გრანტი გადასცა, რათა თავისი ტექნოლოგიის დემონსტრირება შეძლებოდა. რეაქტორი General Electric-Hitachi-სთან თანამშრომლობით შეიქმნება.

მას შემდეგ, Natrium-მა 4 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოპოვება შეძლო, რომლის ნახევარიც ენერგეტიკის დეპარტამენტისგან მიიღო.

ასევე იხილეთ: ბილ გეიტსის კომპანია აშშ-ში $4-მილიარდიან ატომურ რეაქტორს ააშენებს

სადემონსტრაციო დანადგარი Natrium-ის მთავარი როლი კონსტრუქციის შემოწმება, განვითარება და TerraPower-ის ტექნოლოგიების გამოცდაა. გეგმის მიხედვით მისი საბაზისო სიმძლავრე 345 მეგავატიდან 500 მეგავატამდე იქნება.

ამჟამად პროექტზე 800 ინჟინერი მუშაობს, 2020-იანი წლების შუაში მშენებლობის დასასრულებლად კი TerraPower 2000-მდე ადამიანის დაქირავებას გეგმავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.