Tbilisi Open Air 2017 სულ უფრო და უფრო ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ორგანიზაციული საკითხებზე დაიწყოთ ფიქრი. ცხადია, სპონტანურობა ძალიან კარგია, როდესაც საქმე გართობას ეხება, მაგრამ ბოლომდე დინებასაც ნუ გაჰყვებით. იმისათვის, რომ ფესტივალმა შეძლოს თქვენი ბოლომდე დადებითად დამუხტვა, მნიშვნელოვანია წინასწარ გქონდეთ დაგეგმილი ისეთი მარტივი საკითხები, თუ სად და როგორ აპირებთ ღამის გათენებას.

წინა წლების მსგავსად, Altervision Group, ფესტივალზე მოსულ ადამიანებს Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე მოწყობილ კემპინგის სივრცეს წელსაც გთავაზობთ. ფესტივალის ორგანიზატორებმა კარვების ქალაქი ექვსას მაცხოვრებელზე გათვალეს. წელს, კარვების ქალაქში, შეგიძლიათ, მაქსიმუმ 4 ადამიანზე გათვლილი საკუთარი კარავი განათავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია. წელს კემპინგის სივრცეში 180 კარვის განთავსება იქნება შესაძლებელი, ამიტომ სწრაფად უნდა იმოქმედოთ.

ადგილის დასაკავებლად უნდა უნდა დარეგისტრირდეთ TKT.GE-ზე. ერთი კარვის რეგისტრაციის ფასი 15 ლარია, რომელიც სამივე დღეზე ვრცელდება. რეგისტრაცია დასრულდება მაშინ, როცა ყველა გამოყოფილი ადგილი შეივსება.

თუ გაქვთ კარავი და ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ გიღირთ თუ არა Open Air 2017-ის კარვების ქალაქში დაბინავება, მაშინ გეტყვით, რომ კარვების ქალაქში იქნება საშხაპეები, ტუალეტები, შემნახველი საკნები, მოსასვენებელი კუთხეები, ბევრი სიკეთე, გემრიელობა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები.

პ.ს: კარვების ქალაქში მოხვდება მხოლოდ Tbilisi Open Air 2017-ის ბილეთის/აბონემენტის მქონე პირი. ადგილზე კარვები არ გაქირავდება, ამიტომ აუცილებელია, რომ იქონიოთ საკუთარი კარვები.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air სტარტს 16 ივნისს აიღებს და სამი დღის განმავლობაში, 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველი დღის ჰედლაინერი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Anathema იქნება, 17-ში მთავარ სცენას Leningrad-ი დაიკავებს, ხოლო ფესტივალს გრანდიოზულად დახურავს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი Archive, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოვა.