საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და იემენმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და იგი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. საუდის არაბეთმა დახურა და გაამკაცრა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის კონტროლი ყატართან.

BBC-ის ცნობით, დასახელებული ქვეყნების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ყატარი ისეთ დაჯგუფებებს ეხმარება, როგორიცაა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო და ალ-ქაიდა, მათი გადაწყვეტილება კი, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

ყატარი ქვეყნების ბრალდებებს უარყოფს და მათ ქმედებას "უსამართლოსა" და "უსაფუძვლოს" უწოდებს.

როგორც BBC წერს, აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის განხეთქილება უპრეცენდენტოა.