დღეს, 3 ივნისს, პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე მსჯელობენ, ამ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები კი სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა გააცნო.

უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განმარტებით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით კიდევ დარჩა ცალკეული კრიტიკული მოსაზრებები, თუმცა მთლიანობაში საკითხის ირგვლივ ჯანსაღი პროცესი წარიმართა:

"მთლიანობაში ჩვენი ცვლილებები გაასწორებს იმ ხარვეზს, რომელიც დღეს არსებობს მოქმედ ნორმაში და კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით პრობლემებს მოხსნის".

გირჩის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა კი განმარტა, რომ ვენეციის კომისიას 3 ძირითადი შენიშვნა აქვს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, რომელთაგან პრეზიდენტის ვეტოში ერთი ნაწილობრივ არის გაზიარებული:

"ერთი კვორუმის საკითხს შეეებოდა, მეორე შეეხებოდა სამთვიან ვადას ანუ ბოლო სამი თვის ვადაში მოსამართლის უფლებამოსილებას, მესამე შეეხებოდა ერთი პირის მიერ საკითხის პლენუმისადმი გადაცემას. ამ სამი საკითხიდან, მე რაც ვნახე პრეზიდენტის ვეტოში, 2 სრულად არის გაზიარებული, ერთი არის ნაწილობრივ გაზიარებული".

თავისუფალი დემოკრატების წევრი, შალვა შავგულიძის თქმით, კი მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის შენიშვნები კანონს აუმჯობესებს, ის არათუ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონსტიტუციური სამართალწარმოება გაუმჯობესდეს, არამედ არ გაუარესდეს დღემდე არსებული ვითარება. მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა საგრძნობლად გააუარესა დღემდე არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი:

"მიგვაჩნია, რომ გარკეულ საკითხებში პრეზიდენტის შენიშვები არ ასახავს სრულყოფილად ვენეციის კომისიის პოზიციებს, ხოლოგარკვეულ საკითხებში არ ეხება რაც პრინციპულად არის გაკრიტიკებული ვენეციის კომისიის მიერ. სწორედ ამიტომ, ვერ გავიზიარებთ ამ შენიშვნებს".

მას შემდეგ, რაც 14 მაისს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადასცა, პრეზიდენტმა ის ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადასცა.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული დეპუტატები განმარტავენ, რომ თავის ვეტოში მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული პრობლემები მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა.