ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სავალდებულო სამხედრო სამსახური და მასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი.

  • კანონის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტია გირჩი იყო, რომელიც სამსახურის გაუქმებას ითხოვდა — მათ რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარებოდა.
  • პრემიერმინისტრმა საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი დაწესებულებები დაიხურება.

დეტალები: სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება მხოლოდ ერთი წლით იქნება შესაძლებელი.

  • პირს გაწვევის გადავადება მხოლოდ ერთხელ შეეძლება და ამისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.
  • ასევე, წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან.
  • სავარაუდოდ, სახელმწიფოს წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავდაცვის უწყებაში გავლა 70-80 მილიონი ლარი დაუჯდება.

ამასთანავე, მინისტრის განცხადებით ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია.

  • ხოლო თუ კონკრეტული რელიგია და მრწამსი მათ არ აძლევს სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობას, ისინი ალტერნატიულ სამსახურს გაივლიან.

ჯარის გადასავადებლად ძალაში რჩება მიზეზები, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოჯახური პირობები.

  • "მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი — ვიყავი მრავალშვილიანი," — განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ.