საქსტატის ინფორმაციით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო დარიცხული ხელფასი 2022 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5%-ით, 1370 ლარიდან 1595 ლარამდე გაიზარდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელფასი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

  • საშუალო ხელფასის მოცულობა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვნად აისახება.
  • უმუშევრობასთან ერთად დაბალი ხელფასი მაღალი ემიგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

დეტალები: საქმიანობების მიხედვით, ყველაზე მაღალი დარიცხული ხელფასი 3 330 ლარი ინფორმაციასა და კომუნიკაციების მიმართულებით გამოვლინდა, რაც ასევე რეკორდული 52%-იანი ზრდის შედეგია.

  • საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებში — 2 475 ლარი (ზრდა 10,7%);
  • მშენებლობა — 2 305 ლარი (ზრდა15,1%);
  • პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 2 230 ლარი (ზრდა 11,3%).
  • ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი — 17,8% იყო ბიზნესსექტორში, სადაც საშუალი ხელფასი 1 715 ლარს გაუტოლდა.

კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას. ბოლო მონაცემებით, კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას ისევ აღემატება.

  • ქალების ხელფასმა 1 265 ლარი შეადგინა;
  • ხოლო კაცების ხელფასმა —1 905 ლარი.

საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისშია და 1 830 ლარს შეადგენს, სხვა რეგიონებში მნიშვნელოვნად ნაკლები. კერძოდ:

  • აჭარა — 1 460 ლარი;
  • ქვემო ქართლი — 1 290 ლარი;
  • იმერეთი — 1 190 ლარი;
  • კახეთი — 1 030 ლარი;
  • გურია — 940 ლარი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სავანეთი — 860 ლარი.

ნომინალური ხელფასის ზრდა ორნიშნა ინფლაციამ თითქმის მთლიანად უგულებელყო.

  • საქსტატის კალკულატორის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში 1 595 ლარს იგივე ძალა ჰქონდა, რაც 2021 წლის სექტემბერში 1 395 ლარს.

საქსტატის მიერ დასახელებული თითოეული რიცხვი დარიცხულ ხელფასს ასახავს, რასაც ჯერ საპენსიო შენატანი აკლდება, შემდეგ საშემოსავლო გადასახადი.

  • ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1 250 გამოდის.