ცოტა ხნის წინ აშშ-ის სამმა კანონმდებელმა სენატს ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლითაც ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვა მოითხოვეს. კანონმდებლების თქმით, TikTok საეჭვო აპლიკაციაა, რომელიც გარანტიებს არ იძლევა, რომ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის მთავრობისაგან დაცულია.

შეთავაზებული კანონმდებლობა ითხოვს, რომ დაიბლოკოს და აიკრძალოს ყველა ის საეჭვო აპლიკაცია, რომელსაც თვეში 1 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და იმ ქვეყნების გავლენის ქვეშ არიან, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ვენესუელა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის შესახებ დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ 2020 წელს საუბრობდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯერ აპლიკაციის აკრძალვის წინადადებით გამოვიდა, შემდეგ კი ამერიკულ კომპანიებს სოციალური ქსელის ყიდვისკენ მოუწოდა.

ტრამპის მიერ TikTok-ის აკრძალვის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ აპლიკაცია, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance ფლობს, შესაძლოა, ამერიკელების პერსონალურ მონაცემებს აგროვებდეს. TikTok-მა ბრალდებები მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ ისინი ჩინეთის მთავრობას არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ TikTok ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ უკვე აღიარა და სამხედრო პირებს აპლიკაციით სარგებლობა აუკრძალა.