გერმანიის ქალაქ მაინცის გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმატებით დაასრულეს კიბოს უნივერსალური ვაქცინის ტესტირების პირველი ეტაპი.

ვაქცინამ ტესტირება თაგვებზე გაიარა.

ახალი ტექნიკა იმუნურ სისტემას ააქტიურებს, რომელიც ნებისმიერი სახის სიმსივნურ წარმონაქმნს, სხეულის ნებისმიერ ნაწილში ებრძვის.

ჩვენთვის დღემდე ნაცნობი სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, ახალ წამალს უკვე დაავადებულ პაციენტებს მისცემენ.

ახალი მეთოდი შემდეგნაირად მუშაობს: ავადმყოფის სხეულში არსებული კიბოს უჯრედებიდან ამოიღებენ რიბონუკლეინ მჟავას (რნმ), რომლითაც შეიქმნება ე.წ. ისრები - დარტსი, რომლებიც შეუტევენ იმუნურ სისტემას და აიძულებენ დაიწყოს სრულ მასშტაბიანი შეტევა ორგანიზმში არსებული კიბოს ყველა უჯრედის წინააღმდეგ.

"ასეთი ვაქცინები სწრაფმოქმედია, საწარმოებლად იაფია და ამ ფორმით შესაძლებელია ნებისმიერი კიბოს ანტიგენის შექმნა", ნათქვამია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

ახალი ვაქცინა იმუნოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა. იმუნოთერაპია უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება რამდენიმე სახის ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას. გუტენბერგის უნივერსიტეტის გუნდის შექმნილი ვაქცინა უნივერსალური იქნება და ყველა სახის კიბოს უჯრედებს შეუტევს.

"კიბოს უჯრედები ძალიან ჰგვანან ნორმალურ უჯრედებს, ამიტომ არ უტევს ხოლმე მათ ადამიანის იმუნური სისტემა", განმარტავს ჰოლანდიელი იმუნოლოგი იოლანდა დე ვრიესი.

აქედან გამომდინარე, ახალი ვაქცინა იმუნურ სისტემას კიბოსა და ნორმალური უჯრედების ერთმანეთისგან გარჩევას ასწავლის.

მეცნიერთა თქმით, საცდელ ცხოველებზე წარმატებული ტესტირება ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ხშირადაა, რომ იგივე ტექნიკა ადამიანებზე არ მოქმედებს. თუმცა, ეს კვლევა მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.

გარდა თაგვებისა, ახალი ვაქცინა მელანომით დაავადებულ სამ პაციენტსაც შეუყვანეს, თუმცა, ამ ტესტის მიზანი ვაქცინის უსაფრთხოების გამოცდა იყო და არა ეფექტიანობა.

უსაფრთხოების ტესტის შედეგებს გუნდი 12 თვის განმავლობაში შეაგროვებს და იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინამ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა, დაიწყება სრულ მასშტაბიანი, კლინიკური ცდები.