ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა გადაწყვიტა განქორწინებაზე გულახდილად ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს იმდენად მტკივნეული პროცესი იყო, რომ დღის განმავლობაში არა ერთი, არამედ ხუთი თერაპიული სესია სჭირდებოდა. ადელმა და მისმა ყოფილმა ქმარმა სიმონ კონეკიმ, რომელთანაც მომღერალს ათი წლის შვილი, ანჯელო, ჰყავს, ოფიციალურად 2018 წელს იქორწინეს, თუმცა საკმაოდ მალე, მომდევნო წელს დაშორდნენ.

როგორც ჩანს, განქორწინების ინიციატორი ადელი იყო, რადგან მომღერლის თქმით, საშინელი დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა, როცა ფიქრობდა, რა ზეგავლენას იქონიებდა ეს განქორწინება მის შვილზე.

ფოტო: Lester Cohen / Getty Images for NARAS

"მინდოდა, ამ ალბომით მისთვის ამეხსნა, როცა ის 20 ან 30 წელს ზემოთ იქნება, თუ ვინ ვარ მე და რატომ ავირჩიე საკუთარი ნებით, რომ მისი ცხოვრება ასე შემეცვალა საკუთარი ბედნიერების ძებნაში," — განაცხადა მომღერალმა შვილთან მიმართებაში. — "ზოგჯერ ძალიან უბედური იყო ამის გამო და ჩემთვის მართლა ჭრილობაა ეს, რომელიც არ ვიცი ოდესმე შემიხორცდება თუ არა."

ადელმა ახლახან გადაწყვიტა გულახდილად ესაუბრა განქორწინების შემდეგ თავისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობასა და თერაპიაზე.

"ურთიერთობის დანგრევა, დაქორწინებული ხარ თუ არა, ძალიან რთულია და ძალიან ტრავმატულია. ახლოს იყოლიეთ მეგობრები, რადგან ისინი ყველა კაცს, ყველა ქალს სჯობიან. მეგობრები მთელი ცხოვრება გეყოლება. ასევე, გავაგრძელე თერაპიული სესიებიც. რამდენიმე წელი იყო, რაც თერაპიისთვის აღარ მიმიმართავს და მივხვდი, რომ მჭირდებოდა. განქორწინების პერიოდში დღეში ხუთი თერაპიული სესია მქონდა."

ადელი არც ახალ ურთიერთობაზე საუბარს შეუშინდა და განაცხადა, რომ ასეთი შეყვარებული არასოდეს ყოფილა.

ფოტო: Kevin Mazur / Getty Images

მომღერალმა ასევე გულახდილად განაცხადა, რომ სცენაზე სიმღერა მასში შფოთვას იწვევს და ამჟამინდელ თერაპიულ სესიებზე სწორედ ამ შიშზე მუშაობს.

"ამ კვირის თერაპიული სესიები სცენაზე სიმღერას ეხებოდა. ჩემთვის ეს ყოველთვის ძალიან ემოციურია ხოლმე. მიყვარს მუსიკის შექმნა, მაგრამ სცენაზე სიმღერა მაშინებს."

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში – მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.