ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ოფიციალურად 2020 წლის 9 იანვარს შეწყდა.

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიზეზად კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა დაასახელეს.
  • ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა.

დეტალები: ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ამზადებენ ახალ ტენდერს.

  • "51 პროცენტი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას"
  • სხდომაზე ისაუბრა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე" და ე.წ. ინვესტორი უწოდა, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა.
  • აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მხოლოდ 3 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ინვესტორებისგან კი მოზიდული ჰქონდათ 20-25 მლნ.

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძემ 4-5 წლის შემდეგ, ჩააგდეს პროექტი და ვერ განახორციელეს, გადაწყვიტეს, "გაძარცვონ ქვეყანა".

  • "უჩივლეს, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1,5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება?!"
  • "ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული... მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში", — თქვა ღარიბაშვილმა.

არქივიდან: ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია.

  • მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული.
  • მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში კი განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს ბანკის გამჭვირვალობაზე დადებითად აისახება.
  • მოგვიანებით ისინი ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდანაც წავიდნენ.
  • 12 იანვარს სასამართლო ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.