ბელგიაში ჩატარებულ რეიდებსა და გამოძიებაზე საერთაშორისო მედიები წერენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს საბერძნეთიდან, ევა კაილს სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის, სავარაუდოდ, კატარის სასარგებლოდ კორუფციული გადაწყვეტილების მიღებას ედავებიან.

  • Le Monde-ს ინფორმაციით, ის ეჭვმიტანილია იმაში, რომ ემირატიდან ფული მიიღო "ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით".
  • Politico კი აღნიშნავს, რომ კატარს ედავებიან "მნიშვნელოვანი პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიციის მქონე" თანამდებობის პირებისთვის "სოლიდური თანხებისა" და "მნიშვნელოვანი საჩუქრების" გაგზავნა.
  • Greek Reporter ხაზს უსვამს, რომ სკანდალი დაკავშირებულია კატარში მსოფლიო ჩემპიონატთან.

დეტალები: კორუფციის საქმეზე გამოძიება ივლისში დაიწყო და როგორც Bloomberg წერს, ბოლო კვირებში ბელგიის პოლიციამ არაერთი რეიდი ჩაატარა.

  • გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ რეიდების შემდეგ, პარასკევს თავისივე პარტიამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს წევრობა შეუჩერა.
  • Politicos-ს ინფორმაციით, რეიდების დროს ამოიღეს "დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული", მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
  • Euronews წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვიცე-პრეზიდენტის ოფისი ბელგიის პოლიციამ დალუქა, 2 ევროპარლამენტარის, მარია არენას და მარკ ტარაბელას ოფისებთან ერთად.
  • გარდა ამისა, დაკითხვაზე გადაიყვანეს და სავარაუდოდ, ბრალი წაუყენეს კიდევ რამდენიმე პირს.