ჰაიპერლუპის შექმნა ამერიკაში ჩაიფიქრეს, მაგრამ ევროპა ის ადგილია, სადაც ჰაიპერლუპმა საკუთარი შესაძლებლობებს დაამტკიცებს.

რამდენიმე თვის წინ, ილონ მასკის SpaceX-მა ჰაიპერლუპის ტექნოლგიის გაუმჯობესებისა და დანრგვის კონკურსი ჩაატარა, რომელშიც ჰოლანდიურმა ჯგუფმა გაიმარჯვა. ახლა ისინი პრაქტიკულ საქმეზე გადადიან და ფიქრობენ, რომ კომერციულად გამართლებული ქსელის შექმნას შეძლებენ.

გამარჯვებული გუნდის იდეა ადგილობრივმა სტარტაპმა, Hardt Global Mobility-მ აიტაცა და მის განხორციელებაზე ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს. მას მხარს უჭერს დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტი, რკინიგზის ჰოლანდიური კომპანია Nederlandse Spoorwegen და მულტინაციონალური სამშენებლო კომპანია BAM.

სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ ჰუტერმა კომპანიის ხედვებზე ამსტერდამის კონფერენციაზე ისაუბრა.

Hardt Global Mobility-ის საცდელი ცენტრი უკვე მუშაობს ჰაიპერლუპისთვის საჭირო ფუნდამენტური ტექნოლოგიების გამოცდაზე, რაც ძრავის გამართულობასა და უსაფრთხოებას მოიცავს.

კომპანიამ საკუთარ თავს ძალიან ამბიციური მიზანი დაუსახა, რომელიც 2021 წლისთვის, ამსტერდამისა და პარიზის ჰაიპერლუპით დაკავშირებას გულისხმობს. თუ კომპანია ამ მიზანს მიაღწევს, ეს სატრანსპორტო სამყაროში ნამდვილი გარღვევა იქნება. ჰაიპერლუპს თეორიულად 1,126 კმ./სთ. სიჩქარით მოძრაობა შეუძლია. ამსტერდამსა და პარიზს შორის დისტანცია 510 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური სატრანსპორტო საშუალებით, ამსტერდამიდან პარიზში ჩასვლას, მხოლოდ და მხოლოდ, ნახევარი საათი დასჭირდება.

შედარებისთვის, დღეის მდგომარეობის, თვითმფრინავით ფრენისას, ამ ორ ქალაქში გადაფრენა-გადმოფრენას ერთი საათი სჭირდება. ამ დროს თუ დავამატებთ უსაფრთხოების ნორმების გავლის პროცესს, დრო შესამჩნევად იზრდება. ჩქაროსნული მატარებლის შემთხვევაში, ორ ქალაქს შორის მანძილის დაფარვა სამ საათსა და ჩვიდმეტ წუთშია შესაძლებელი.

ჰაიპერლუპი გაცილებით უფრო სწრაფი, ეკოლოგიურად სუფთა და სუპერ-სწრაფი ალტერნატივა იქნება თანამედროვე სატრანსპორტო სისტემაში. ამავე დროს, ის იდეალურად ერგება ევროპის გეოგრაფიულ-პოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც ერთმანეთთან დაუბრკოლებლად მოძრაობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ამ პროექტის განხორციელება სხვა ევროპულ ქვეყნებსაც სურთ. მაგალითად, ვრცელდება ხმები, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი საკუთარი სისტემის შექმნას აპირებენ.