ენმ-ს ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები იმართებოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გირჩი — მეტი თავისუფლების, დროასა და სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის ოფისში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასაუბროდ მივიდნენ.

  • ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კლინიკა ვივამედში სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს.
  • ექიმები, ადვოკატები, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

დეტალები: ოპოზიციური პარტიების განცხადებით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

  • სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ყველა ქმედება ქართული ოცნებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებულები, ამიტომ მათ ყველა შესაძლო სცენარი გაიარეს.
  • "რატომ მალავენ მიხეილ სააკაშვილს, რატომ არ მომცეს უფლება, რომ შევსულიყავი მასთან, რატომ არ მოჰყავთ სასამართლოში, რატომ ამბობენ უარს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჰქონდეს და ხალხმა თავისი თვალით დაინახოს სააკაშვილი.
  • იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამ ყველაფრის დამალვა და ეჭვების არსებობა არის მთავარი მიზანი ქართული ოცნების", — განაცხადა ვაშაძემ.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მეტ კოორდინაციასა და კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.

  • "სურათი არის საკმაოდ მძიმე. შევთანხმდით, მათ შორის, გვინდა, შევხდეთ ოჯახს და დაველაპარაკოთ. მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს მერე გადაწყვეტილება", — თქვა მან.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეს და ამ საკითხზე უკანდახევასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებენ.

  • "სააკაშვილის საკითხი არ არის და არ იქნება მხოლოდ ენმ-ის საზრუნავი, აქ იქნება ერთობა. ამ ერთობაში აუცილებლად მივიღეთ მონაწილეობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს", — ამბობს ხოშტარია.

ენმ-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას საერთო ძალისხმევით მოახერხებენ.

  • პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ, თუ როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე ქართულ ოცნებაზე იქნება დამოკიდებულები.
  • "მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი ქართულმა ოცნებამ, სააკაშვილის, როგორც ადამიანის, ყოფნა-არყოფნის საკითხი.
  • ერთადერთი გამოსავალი არის, რაც შეიძლება სწრაფად, სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუ ამ ყველაფერს თვალს არ უსწორებს, ანუ რეალობას თვალს არ უსწორებს, ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად ვერ განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს, ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება", — განაცხადა ნიკა მელიამ.