შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ცხენს ერთზე მეტი ცხენის ძალა აქვს. გამოთვლები განსხვავდება, მაგრამ ითვლება, რომ ამ ცხოველს 12-დან 14,9-მდე ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

რა არის ცხენის ძალა?

ცხენის ძალა (hp) არის სიმძლავრის საზომი ერთეული, რომელიც აღწერს სამუშაოს შესრულების სიჩქარეს. ის ყველაზე ხშირად მანქანის ძრავის სიმძლავრის გასაზომად გამოიყენება, მაგრამ ასევე შესაძლებელია, იგი მივუსადაგოთ სიმძლავრის პოტენციალს ისეთი ცხოველისა, როგორიც ცხენია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ერთეული ცხენის ძალა არის სიმძლავრე, რომელიც საჭიროა 249 კილოგრამის გადაადგილებისთვის 30 სმ-ით ერთ წამში, რაც, დაახლოებით, 745 ვატია.

ერთეული პირველად, დაახლოებით, 1780 წელს შეიმუშავა შოტლანდიელმა ინჟინერმა ჯეიმს ვატმა, რათა ორთქლის ძრავების სიმძლავრე სამუშაო ცხენისთვის შეედარებინა. ვატი ორთქლის ძრავების გამყიდველი იყო და ეძებდა გზას თავისი პროდუქტის ბაზარზე გასავრცელებლად, რომელზეც, ძირითადად, ცხენები დომინირებდნენ. ცხენის ძალის ერთეულის შემუშავებით, მან შეძლო, წარმოეჩინა ორთქლის ძრავის გამოყენების უპირატესობები და დაერწმუნებინა წისქვილის მფლობელები, რომ ცხენები ორთქლის ძრავებით ჩაენაცვლებინათ.

ასევე იხილეთ: რატომ ვიყენებთ სიმძლავრის გასაზომად ისევ ცხენის ძალას?

ერთ ცხენზე (რომელიც 4 საათის განმავლობაში ათრევდა წისქვილის ბორბალს) დაფუძნებული რამდენიმე საკმაოდ უხეში გამოთვლით, მან დაადგინა, რომ ცხენი მოძრაობდა, დაახლოებით, 249 კილოგრამის ეკვივალენტს 30 სმ-ით ერთ წამში. თუმცა, ეს არ არის ცხენის სრული პოტენციალი და რეალურად ასახავს ძალას, რომლის გამოყენებაც ცხენს შეუძლია სამუშაოზე მთელი დღის განმავლობაში.

რამდენი ცხენის ძალა აქვს ცხენს?

სინამდვილეში, ცხენის მაქსიმალური მექანიკური სიმძლავრე 12 ცხენის ძალას აღემატება. ეს მაჩვენებელი მოდის 1993 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომიდან, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალური მდგრადი მექანიკური სიმძლავრე კუნთის კილოგრამზე არის 100-200 ვატი.

მათი გამოთვლებით, ცხენის განივზოლიანი კუნთი მთლიანი მასის, დაახლოებით, 45%-ია, მაგრამ ის მხოლოდ 30%-ს იყენებს სირბილის დროს. მაგალითად, 600-კილოგრამიან ცხენს, თეორიულად, შეუძლია 18 000 ვატი სიმძლავრის გამომუშავება. და ვინაიდან ერთი ცხენის ძალა, დაახლოებით, 745 ვატია, გამოდის, რომ 600-კგ-იან ცხენს შეუძლია 24 ცხენის ძალის გამომუშავება.

თუმცა, ისინი წერდნენ, რომ ეს, სავარაუდოდ, გადაჭარბებული შეფასებაა. რამდენიმე ათწლეულის წინანდელ მონაცემებზე დაყრდნობით, მათ დაასკვნეს, რომ ჯანმრთელ ცხენს, სავარაუდოდ, 12-დან 14,9-მდე ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

უფრო გასაგები რომ იყოს, მანქანის საშუალო სიმძლავრის ძრავა, როგორც წესი, 180-დან 200-მდე ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ტურბოკომპრესორით დატენილ F1 მანქანას შეუძლია, 1 000 ცხენის ძალას გადააჭარბოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.