ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, აშშ-ს ვიზის გაცემის წესები გაამკაცრა. ვიზის მიღება ითვალისწინებს აპლიკანტის სოციალური მედიის შემოწმებასაც. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის, ვისაც ამერიკის ვიზის მიღება სურს, ახალი ანკეტა შეიქმნება, რომელიც გულისხმობს აპლიკანტის მიერ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სოციალური მედიის მოხმარებისა და ბოლო 15 წლის განმავლობაში ბიოგრაფიულ ინფორმაციის, შემოწმებას.

ახალ, გართულებულ კითხვარს ტრამპის ადმინისტრაციის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა მხარი 23 მაისს დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას, საყოველთაო განხილვისას, მკაცრად აკრიტიკებდნენ განათლების უწყების წარმომადგენლები. გარდა ამისა, აღნიშნული კითხვარი, ჩვეულებრივი, სამწლიანი პერიოდის ნაცვლად, ექვს თვეში ამოქმედდება.

კრიტიკოსების მიხედვით, ახალი კითხვარი მეტისმეტად გააძნელებს საერთაშორისო სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის ამერიკაში ჩასასვლელად გასავლელ პროცედურებს.

ახალი პროცედურების მიხედვით, კონსულს შეუძლია მოითხოვოს ყველა წინა პასპორტის ნომერი, ბოლო ხუთ წელიწადში გამოყენებული სოციალური ქსელის ანგარიშების დასახელებები, ელ-ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და 15-წლიანი ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებიც მოიცავენ მისამართებს, სამუშაო ადგილებსა და მოგზაურობის ისტორიას.

ოფიციალური პირები დამატებით ინფორმაციას მას შემდეგ მოითხოვენ, რაც ჩათვლიან, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის აღნიშნულის ფლობა აუცილებელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სავიზო აპლიკაციის გართულებული ვერსიის შევსება მოუწევთ მათ, ვინც ტერორიზმთან არიან კავშირში ან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენენ საფრთხეს. ასეთი კი, მათივე ცნობით, მხოლოდ ვიზის მსურველთა 0,5 პროცენტია.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების დაცვას საზღვრების გამკაცრებასა და სამხედრო ინსტიტუტების დაფინანსებაში ხედავს.მას ასევე სურს, რომ მექსიკას გადაახდევინოს ორ ქვეყანას შორის ასაშენებელი კედლის საფასური.

ტრამპმა პრეზიდენტობის დასაწყისშივე სცადა ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეთათვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა, თუმცა ამერიკის სააპელაციო სასამართლომ მისი ამოქმედება არ დაუშვა, რადგან პრეზიდენტის ინიციატივა დისკრიმინაციულად მიიჩნია. საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

სავიზო აპლიკაციაში ახალი კითხვების შევსება მოხალისეობრივი ხასიათის იქნება, თუმცა, მისი მიხედვით, საკმარისი ინფორმაციის არ წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკაცია არ განიხილება.

ემიგრაციის მიმართულებით მომუშავე იურისტები ამბობენ, რომ 15-წლიანი ბიოგრაფიული ინფორმაციის დეტალური მოთხოვნა, "გამოიჭერს" ვიზის მიღების იმ მსურველებს, რომლებსაც შესაძლოა, არ ახსოვდეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელ სოციალურ ქსელებში რა ანგარიშებს ფლობდნენ და ამის გამო მათ შეცდომა დაუშვან.

"ახალი კითხვარი კონსულს იმაზე მეტ საშუალებას აძლევს, თვითნებურად გადაწყვიტოს, ვის უნდა მისცეს ამერიკაში შესვლის უფლება, ვიდრე აქამდე ჰქონდა" - ამბობს სან-ფრანცისკოელი ადვოკატი, ბაბაკ იუსეფზადა და დასძენს, რომ ამერიკას აქამდეც ყველაზე მკაცრი სავიზო პირობები ჰქონდა და მისი უფრო გართულება საჭიროებას არ წარმოადგენდა.