თუ "ნამდვილი" ჰუმანოიდი რობოტების გამოჩენას დიდი ხანია ელით, ეს სიახლე გაგახარებთ: 6 დეკემბერს ცნობილმა იაპონურმა ტექნოლოგიურმა და მედია კონგლომერატმა, Sony Group Corporation-მა განაცხადა, რომ როგორც კი კომპანია ამ ტიპის რობოტების გამოყენების საუკეთესო გზებზე ჩამოყალიბდება, მათ წარმოებას ძალიან მარტივად შეძლებს.

"ტექნოლოგიური კუთხით, ბევრ კომპანიას, ჩვენი ჩათვლით, აქვს შესაძლებლობა და აკუმულირებული რესურსი, რათა ისინი (ჰუმანოიდი რობოტები) მარტივად აწარმოოს, როგორც კი მათი გამოყენების რეალური მიზანი ნათელი იქნება. ჩვენ წარმოებაში ინვესტიციას მხოლოდ მაშინ ჩავდებთ, როცა ეს მიზანშეწონილი იქნება. Sony ჰუმანოიდი რობოტების პოტენციალს ხედავს, თუმცა გვჯერა, რომ სხვა ტიპის რობოტებიც მნიშვნელოვანები არიან", — განაცხადა Sony-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა ჰიროაკი კიტანომ Reuters-თან ინტერვიუში

შეიძლება ითქვას, ეს სიახლეა, რომელსაც ელექტრონიკითა და რობოტებით დაინტერესებული საზოგადოება დიდი ხანი ელოდა. 20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სწორედ Sony-მ მსოფლიოს რობოტი-ძაღლი Aibo წარუდგინა.

1999-2006 წლებში კომპანიამ 150000-ზე მეტი Aibo გაყიდა, 2018 წელს კი გაუმჯობესებული ვერსია გამოუშვა, რომლის 20000 ეგზემპლარიც სულ რაღაც 6 თვეში გაიყიდა.

Sony ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი არ არის. Honda Motor Company და Hyundai Motor Company ასევე დიდი ხანია ჰუმანოიდი რობოტის კონცეპტზე მუშაობენ. კორეელ და იაპონელ კოლეგებს არც Tesla ჩამორჩა, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მიმდინარე წლის სექტემბერში Optimus-ის, კომპანიის პირველი ჰუმანოიდი რობოტის, პროტოტიპი წარადგინა.

ასევე იხილეთ: ილონ მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Optimus წარადგინა — ნახეთ, რა შეუძლია მას

Sony ძალებს მეტავერსშიც მოსინჯავს

კიტანოს თქმით, Sony-ს მეტავერსსა და იმერსიულ ვირტუალურ სამყაროებში წვლილის შესატანად საკმაოდ კარგი პოზიცია უჭირავს, რადგან აუდიო-ვიზუალურ ტექნოლოგიებსა და გასართობი კონტენტის (მუსიკა, კომპიუტერული თამაშები) შექმნაში კომპანიას უდიდესი გამოცდილება აქვს.

ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Sony R&D (Research and Development) ძალისხმევას გაზრდის. კიტანომ კომპანიის ეკონომიკური ზრდისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ვირტუალური სივრცეების სფეროები გამოყო.

ამიერიდან შეგვიძლია ჰუმანოიდი რობოტების შექმნის ტემპზე აღარ ვიდარდოთ, თუ Sony ინდუსტრიაში მთელი ძალით გადაეშვება (რაც, როგორც ჩანს, მოხდება), პროცესი ძალიან დაჩქარდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.