სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცისკარა ტოხოსაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სუს-ის ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა.

  • მათი განცხადებით, ტოხოსაშვილი, იგივე ემირი ისა, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა ისლამური სახელმწიფოს წევრებს შორის;

დეტალები: უწყებაში ამბობენ, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

  • სუს-ის განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტოხოსაშვილი ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში;
  • "მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან".

უწყების ცნობით, 2019 წელს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი — ის სასჯელს საქართველოში იხდის.

  • კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
  • ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.