აქამდე ითვლებოდა, რომ პირენეის ნახევარკუნძულზე სამარხებსა და ორმოებში აღმოჩენილი უძველესი ბუს ფორმის ათასობით ფიქლის ფირფიტა, წარმოადგენდა ღვთაებებს ან გამოიყენებოდა რიტუალური დანიშნულებით სპილენძის ხანის საზოგადოებებში. თუმცა, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ხელის გულის ზომის დაფები, რომლებიც გაფორმებულია გეომეტრიული ნიმუშებითა და ორი ამოტვიფრული წრით, შესაძლოა, ბავშვების შემოქმედებას წარმოადგენდეს.

ფიქლისგან დამზადებული ბუების მსგავსი ათასობით საგანი — დათარიღებული 5 500-დან 4 750 წლამდე — მკვლევართა თქმით, შესაძლოა, იყოს "ბავშვების სათამაშო და სასწავლო აქტივობების არქეოლოგიური კვალი". ამ ქვისგან დამზადებულმა საგნებმა შეიძლება, ბევრი რამ გვითხრას უძველესი ევროპის საზოგადოებებში ბავშვების ქცევებზე.

ფოტო: Negro et al., Scientific Reports, 2022

მკვლევართა ჯგუფმა ფიქლები შეადარა ესპანეთსა და პორტუგალიაში ნაპოვნი ბუების ადგილობრივ სახეობებს და გააკეთა ასლები, რათა გაერკვია, რამდენად ადვილი იქნებოდა მათი ამოტვიფრა. ისინი ვარაუდობენ, რომ ბავშვებს შეეძლოთ, ფიქლის ამოტვიფრა კაჟის, კვარცის ან სპილენძის წვეტიანი ხელსაწყოების გამოყენებით, რითაც შექმნიდნენ ბუს სხეულის მონახაზებს. აღსანიშნავია, რომ სპილენძის ხანაში შექმნილი ეს ფიქლები ძალიან ჰგავს თანამედროვე ბავშვების მიერ აღქმულ და დახატულ ბუებს.

მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ ფირფიტები, შესაძლოა, მოგვიანებით გამოეყენებინათ რიტუალებში დაკრძალვის შესაწირის სახით. მათი თქმით, შეიძლება, ახალგაზრდები ასე მიაგებდნენ პატივს დაღუპულებს.

იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ან რისთვის კეთდებოდა ეს დაფები, მათი უცნაური მსგავსება ესპანეთსა და პორტუგალიაში გავრცელებული ბუების ორ სახეობასთან — ჭოტსა (Athene noctua) და ოლოლთან (Asio otus), ნათლად ჩანს.

ფოტო: Negro et al., Scientific Reports, 2022

"ეს ფილები, რომლებიც ასე დამახასიათებელია პირენეის ნახევარკუნძულზე სპილენძის ხანისთვის, შეიძლებოდა, ყოფილიყო ქვის დამუშავების სასწავლო პროცესის ნაწილი", — დასძენს ხელოვნების ისტორიკოსი და კვლევის ავტორი ვიქტორ დიას ნუნიეს დე არენასი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტიდან.

თუმცა ყველა არქეოლოგი არ არის დარწმუნებული, რომ ფიქლები ბავშვების დამზადებულია. მათი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ძლიერი ან მეცნიერული და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვის ფირფიტებზე ამოტვიფრული ბუები ბავშვების შემოქმედება იყოს, რადგან, როგორც ჩანს, ისინი სტანდარტული გზითაა დამზადებული.

"თუკი ბავშვები, როგორც ამ თემების ყველაზე დიდი დემოგრაფიული ჯგუფი, ქმნიდნენ მათ, ამ ტიპის დაფები ბევრად უფრო გავრცელებული უნდა იყოს, მაშინ როცა, სინამდვილეში, ბუების მსგავსი მახასიათებლების მქონე ფირფიტები შეადგენს ყველა სხვა ფირფიტის მხოლოდ 4%-ს", — განაცხადა კატინა ლილიოსმა, აიოვას უნივერსიტეტის არქეოლოგმა.

ერთადერთი, რასაც ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, ადამიანის კულტურაში ბუების დიდხნიანი არსებობაა. ამ ფრინველების გამოსახვა ხელოვნების გარიჟრაჟიდან, პალეოლითის პერიოდში დაიწყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.