მკვლევართა ჯგუფმა წარმოადგინა ახალი ჰიპოთეზა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვცივდებით და ვავადმყოფობთ ადამიანები ზამთარში, როცა ტემპერატურა ეცემა.

ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბალ ტემპერატურასა და იმუნური სისტემის დასუსტებას შორის.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ ბიოლოგიური, მოლეკულური ახსნა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ჩვენი იმუნური პასუხი უფრო სუსტი, როცა ტემპერატურა დაბალია", — განაცხადა CNN-თან ინტერვიუში ოტორინოლარინგოლოგმა ზარა პატელმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან

კვლევა ნამდვილად დროულია, რადგან კოვიდ-19-ის პანდემიის "დამსახურებით" აღებული ორწლიანი პაუზის შემდეგ სხვა ვირუსების სეზონი ისევ მთელი ძალით დაბრუნდა და უკვე უამრავ ადამიანს გაურთულა საქმე.

კვლევის მიხედვით, ტემპერატურის 5°C-ით ვარდნას ჩვენს ნესტოებში იმ უჯრედების თითქმის 50%-ის განადგურება შეუძლია, რომლებიც შემოჭრილ ბაქტერიებთან და ვირუსებთან გამკლავებაზე არიან პასუხისმგებელნი.

"ცივი ჰაერი პირდაპირ არის დაკავშირებული გაძლიერებულ ვირუსულ ინფექციასთან, რადგან ტემპერატურის სულ მცირე ვარდნის შემთხვევაშიც კი, თქვენ იმუნიტეტის თითქმის ნახევარს კარგავთ", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ოტორინოლარინგოლოგმა ბენჯამინ ბლეიერმა

მკვლევრები ერთი მნიშვნელოვანი დაშვების შესახებ მაინც გვაფრთხილებენ:

პატელის თქმით, ეს ინ ვიტრო კვლევაა და, მიუხედავად იმისა, რომ ის ლაბორატორიაში ადამიანის ქსოვილზე ჩატარდა მისი იმუნური პასუხის გასაგებად, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები აუცილებლად ანალოგიური იქნება სრულყოფილი გამოცდის შემთხვევაშიც.

თეორიულად კვლევის შედეგები მაინც დამაჯერებელია. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ უჯრედგარე ვეზიკულებს (EV-ები) აქვთ შესაძლებლობა, ებრძოლონ ცხვირის ღრუში შემოჭრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს. შემოჭრის საპასუხოდ, EV-ები ცხვირის ლორწოში ხვდებიან, სადაც ისინი მიკრობებს სხეულში უფრო ღრმად შესვლისგან აკავებენ.

როგორც აღმოჩნდა, ტემპერატურის სულ მცირე ვარდნასაც კი შეუძლია EV-ების წარმოქმნა ძალიან დათრგუნოს, გამონაკლისი არც მიკრო რნმ-ია, რომელსაც ასევე შეუძლია მიკრობებთან გამკლავება.

ბლეიერის თქმით, ტემპერატურის ვარდნამ EV-ების 42% გაანადგურა.

საბედნიეროდ, ამ ეფექტის ასარიდებლად მეთოდი არსებობს და ის ძალიან მარტივია — პირბადე. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნას ფაქტი, რომ სეზონური ვირუსების რიცხვმა პანდემიის პერიოდში, როცა პირბადეს თითქმის ყოველი ჩვენგანი იყენებდა, საგრძნობლად იკლო. გარდა იმისა, რომ პირბადე აკავებს მავნე მიკროორგანიზმებს, ის ჩვენს ნესტოებსაც დაიცავს დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან.

კვლევა ჟურნალ Allergy and Clinical Immunology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.