BBC-ის ცნობით, მოზარდი ბენზინგასამართი სადგურიდან, სავარაუდოდ €20-ს გადახდის გარეშე გარბოდა, რა დროსაც მას პოლიციის ოფიცერმა თავში ესროლა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მომხდარმა ქვეყნის მასშტაბით მასიური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

  • ორშაბათს მომიტინგეები ქუჩებში გამოვიდნენ და პოლიციას ბენზინის ბომბები დაუშინეს.
  • მომხდარმა საზოგადოებას შეახსენა წარსულში, საბერძნეთის ქალაქებში, პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები.

დეტალები: 16 წლის ბიჭი, რომელსაც პოლიციამ ორი ტყვია ესროლა, თესალონიკის საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

  • დაჭრილი ბოშათა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება.
  • შემთხვევას ადგილობრივი ბოშები საავადმყოფოს წინ აპროტესტებდნენ, მათ პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცავებმა მომიტინგეებს ყუმბარებით უპასუხეს.
  • "და თუ არ გადაიხადა, უნდა მოეკლათ?" — ამის შესახებ მოზარდის მამამ ბერძნულ მედიას განუცხადა და დასძინა, რომ ბიჭმა შეცდომა დაუშვა და პოლიციას ის სახლში უნდა დაეკავებინა.
  • სროლაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლოში მკვლელობის მცდელობასა და სხვა დანაშაულებში ბრალდებულად გამოცხადდა.

კონტექსტი: გასულ წელს 18 წლის ბოშა, სახელად ნიკოს სამპანისი, სასიკვდილოდ დახვრიტეს ათენთან დევნის დროს.

  • 2008 წლის 6 დეკემბერს 15 წლის ბიჭი, ალექსის გრიგოროპულოსი დედაქალაქში პოლიციის ღამის პატრულირების დროს მოკლეს.
  • მის გარდაცვალებას ათენსა და სხვა ქალაქებში ყოველწლიურად დიდი საპროტესტო აქციებით იხსენებენ.

ევროსაბჭოს მონაცემებით, ბოშები საბერძნეთის ყველაზე დიდი უმცირესობაა.

  • მათი რიცხვი დაახლოებით 270 000-ს შეადგენს, და არ გააჩნიათ მინიმალური სოციალური გარანტიები და სტაბილური საცხოვრებელი ადგილი.