ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ისაუბრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ბაზაზე, სავარაუდოდ, უკრაინის უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა, ომის ესკალაციის შიში გაჩნდა.

  • ვაშინგტონი ამ დრომდე თავს იკავებს კიევისთვის შორი დისტანციური იარაღის მიწოდებისგან, რომლებიც რუსეთის სიღრმეში შეღწევას შეძლებენ და ამ პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს.
  • "ჩვენ არ ვაძლევთ უკრაინას საზღვრებს მიღმა დარტყმის საშუალებას. ჩვენ არ მოვუწოდებთ უკრაინას, რომ დაარტყას მის საზღვრებს მიღმა", — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეტალები: პრაისმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია უკრაინის მიერ უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ.

  • მანვე განმარტა, რომ აშშ-ის მიზანია დაეხმაროს უკრაინას რუსული ძალების მიერ მიტაცებული ტერიტორიის აღდგენაში.
  • სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ აშშ არ ეხმარება და არც ახალისებს უკრაინას რუსეთის შიგნით დარტყმების ორგანიზებაში.
  • "მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რას განიცდიან უკრაინელები ყოველდღიურად მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის გამო. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მათ ხელში აქვთ ისეთი აღჭურვილობა, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ დაიცვან თავი, დაიცვან თავიანთი ტერიტორია, დაიცვან თავიანთი თავისუფლება," — დასძინა მან.