სახალხო დამცველის ოფისში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნევროლოგ თენგიზ წულაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ანორექსიის ფონზე მძიმე გართულება, მეოთხე ხარისხის კახექსია განუვითარდა.

  • კახექსია არის ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება და ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ნივთიერებათა ცვლა კიდევ უფრო დაჩქარებულია.
  • ექიმის შეფასებით, "მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება" და შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა მალე სიცოცხლისთვის საშიშ ფაზაში გადაიზარდოს.

დეტალები: ნევროლოგის შეფასებით, სააკაშვილს უჭირს ფეხზე წამოდგომა, კონტაქტში შესვლა და ცხელება აღენიშნება.

  • გულისრევის გამო პაციენტი ვერ ახერხებს საკვების მიღებას.
  • ექიმის შეფასებით, საქართველოში მსგავსი ჩვენების მკურნალობის დიდი გამოცდილება არ არის და საჭიროა სააკაშვილი საზღვარგარეთ, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაყვანა.

სახალხო დამცველის ინიციატივით, 4 დეკემბერს ექიმების ჯგუფმა სააკაშვილი მოინახულა.

  • ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და სხვადასხვა არსებული ინტერპრეტაციების გამო, კონსილიუმის ექიმების მიერ გაკეთებული დასკვნა გასაჯაროვდა.
  • კონსილიუმის წევრები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად რამდენიმე დღე მუშაობდნენ, ისინი გაეცნენ სააკაშვილის ანალიზებს, ჯანმრთელობის ისტორიას და გაესაუბრნენ მკურნალ ექიმს.