2 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა ტურიზმის ექსპერტის, პროფესორის, გიგი ყუფარაძის წიგნის — კულტურული ტურიზმის პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები — თამარ მაისურაძე და თამარ კახიძე. ასევე, ტურისტულ სააგენტოებში, ტურიზმის სექტორსა და საგანმანათლებლო სივრცეში დასაქმებული პირები.

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

წიგნში წარმოდგენილია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და იუნესკოს (UNESCO) უახლესი მონაცემები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კულტურული ტურიზმის სხვადასხვა ასპექტს, კერძოდ, ამ საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციის მიხედვით, ჩამოყალიბებულია კულტურული ტურიზმის ახალი განმარტება, რომელიც ტურისტთა მოტივაციას ეყრდნობა, განხილულია კულტურული ტურიზმის პოლიტიკის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი რჩევები და შეფასებულია ამ სახის ტურიზმის, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბაზარი.

"წიგნში ძირითადად გამოყენებულია UNWTO-სა და UNESCO-ს ერთობლივი რეკომენდაციები. ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაციები ქართველი თუ უცხოელი ავტორების ნაშრომებიდან. აღსანიშნავია, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წიგნში ერთ-ერთი თავი ეძღვნება კულტურული ტურიზმის თანამედროვე მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, სადაც შეფასებულია მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების როლი კულტურული ტურიზმის განვითარების საქმეში", — აღნიშნა გიგი ყუფარაძემ.

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

როგორც ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსმა, თამარ მაისურაძემ აღნიშნა, საქართველოში ჩამოსული ტურისტების ინტერესების მიხედვით დაყოფისას, კულტურული ტურიზმით დაინტერესებული სეგმენტს მუდამ მნიშვნელოვანი წილი უკავია, შესაბამისად, თემის აქტუალობის გათვალისწინებით, მსგავს საკითხზე შექმნილი ნებისმიერი საგანმანათლებლო მასალა მეტად ყურადსაღებია.

"ყველამ ვიცით ჯერ კიდევ როგორი სიმწირეა ქართულ ენაზე ტურიზმის სახელმძღვანელოებისა. შესაბამისად, აღნიშნული წიგნის გამოცემა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც საგანმანათლებლო სეგმენტისთვის, ისე ტურისტული ბიზნესის განვითარებისთვის, რადგანაც გამოცემა მოიცავს კულტურული ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებს, მიზნობრივი ბაზრების შესახებ ინფორმაციებს, კულტურული ტურის დაგეგმვის ეტაპებს რჩევებსა და რეკომენდაციებს" — განმარტა თამარ მაისურაძემ.

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერისტეტი

როგორც საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, თამთა მიქაბერიძემ განმარტა, ტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებით მწირია ლიტერატურა ქართულ ენაზე, შესაბამისად, აღნიშნული სახელმძღვანელო ნებისმიერი უნივერსიტეტის სასწავლო ლიტერატურის გამრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი მასალაა: "დღესდღეობით მსგავს თემატიკაზე შექმნილი წიგნების საზოგადოებისთვის წარდგენა ორმაგად დასაფასებელია, რადგან ტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებით მწირია ლიტერატურა ქართულ ენაზე და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო გაამდიდრებს ნებისმიერი უნივერსიტეტის სასწავლო ლიტერატურას. ასევე სახელმძღვანელო თანაბრად საინტერესოა, ტურისტულ ბიზნესში ჩართული ნებისმიერი პირისთვის. მოხარულნი ვართ, რომ უნივერსიტეტმა წვლილი შეიტანა ამ მრავალმხრივ სასარგებლო საქმეში. ჩვენი უნივერსიტეტის გამომცემლობის ეგიდით კი, არაერთი სახელმძღვანელოს გამოცემას ვგეგმავთ ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის".

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

საქართველოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ჩამოსული საერთაშორისო ტურისტების არანაკლებ ნახევარს, სწორედ, კულტურული ტურისტები წარმოადგენენ.

ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი